მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკიზე - არ გვჭირდება საზოგადოების პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის წახალისება, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარა - ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო

როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო და რამდენად არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარები.

„ჩვენზე, ქართველებზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე უკეთ ვერავინ მიხვდება და გაიგებს, რომელ გზაგასაყარზე დგას ეს ქვეყანა. ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. ხელისუფლება წარმოადგენს იმ ხალხის ნებას, რომელზეც ასე ღელავენ. შესაბამისად, ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო, რამდენად სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება ამ საზოგადოების პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ასევე, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, რა იყო პაველ ჰერჩინსკის განცხადებაში მუქარის შემცველი, ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ მიუღებელია ყველაფერი ის, რაც საზოგადოებაში აღვივებს პოლარიზებას.

„ის განცხადებები, ქმედებები, ნაბიჯები, რომელიც ბრიუსელის მხრიდან იდგმება, ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში ვხედავთ, არის მიუღებელი და მიმართულია ამ საზოგადოებაში პოლარიზაციისკენ. მიუღებელია ყველაფერი ის, რაც ჩვენს საზოგადოებაში აღვივებს პოლარიზებას და მიუღებელია რადიკალური დღის წესრიგის წახალისება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კითხვაზე, მოისმინა თუ არა მან განმარტება პაველ ჰერჩინსკის მხრიდან მის განცხადებაზე, ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ აქვთ მოლოდინი, რომ ბრიუსელიდან ის დამოკიდებულება იქნება, რასაც საქართველო იმსახურებს.

„როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია. საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი! მას ევროკავშირთან მიმართებით არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ევროკავშირის რომელიმე ინტერესი. შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან ჩვენც მოველით, რომ ბრიუსელიდან ის დამოკიდებულება იქნება, რასაც საქართველო იმსახურებს - კეთილსინდისიერ ურთიერთობაში. ამას ვერ ვხედავთ ამ ეტაპზე და ამის გამოხატულებაა ის ნაბიჯებიც, რასაც ვხედავთ. თუ გვინდა, რომ ურთიერთობები ისევ ნორმალურ რეჟიმში გადავიდეთ, მინიმუმ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და მინიმუმ უნდა იყოს ნდობაზე დაფუძნებული ეს ურთიერთობები, რომელსაც ასეთი განცხადებები, არყევს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის დღეს შეხვედრა გაიმართა.

პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე დაბარება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026