დღეს დიალოგი ევროკავშირს აქვს საქართველოსთან შეჩერებული! - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რა დროსაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ ევროკავშირთან „ჩიხში შესული“ ურთიერთობები გადაიტვირთოს.
მისი თქმით, საქართველოს დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს.
„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. როდესაც მეორე მხრიდან დიალოგის მზაობა იქნება, იმას გავაკეთებთ, რაც დიალოგისთვის იქნება საჭირო. დღეს დიალოგი ევროკავშირს აქვს საქართველოსთან შეჩერებული“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე: „ირაკლი კობახიძის განცხადება მოგვეჩვენა?“ ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ „კი, მოგეჩვენათ. სასაცილოა, როცა წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოგაქვთ“.
ამასთან, ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის საბჭოს მიერ 2024 წლის ივნისში მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან დიალოგი შეჩერებულიყო.
„პროპაგანდაა, როდესაც ამბობთ, რომ საქართველომ შეაჩერა მოლაპარაკებების პროცესი. საქართველოსთან მოლაპარაკებები არ გახსნილა. მოლაპარაკებებზე გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირის საბჭო. საქართველოსთან მიმართებაში ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. პირიქით, ევროკავშირის ელჩის განმარტებით, ევროკავშირის საბჭოს მიერ 2024 წლის ივნისში მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან დიალოგი შეჩერებულიყო. მითხარით, რანაირად შეგვეძლო, რომ უკვე შეჩერებული 6 თვის შემდეგ შეგვეჩერებინა?“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ „ევროკავშირთან ურთიერთობები თუ შეიძლება ისე შეფასდეს, რომ ჩიხშია შესული, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი და ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან.“
„დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს! პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვნახოთ პატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური და მშვიდი განვითარების შესაძლებლობა. ამას აკეთებს ხელისუფლება, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის საფუძველი, რაზედაც შეიძლება ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია დაეფუძნოს. „ქართული ოცნება“ ანტიდემოკრატიულს არაფერს აკეთებს. ანტიდემოკრატიულს აკეთებს ის, ვინც პარლამენტში არ შევიდა და უარი უთხრა ხალხის ხმას. და ყველა ის, ვინც ქუჩაში პოლიტიკური პროცესების წარმართვას ახალისებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.