მთავრობის საპარლამენტო მდივანი - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი არ შეიქმნება - სახელმწიფო მინისტრს ორგანიზაციულ, მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი არ შეიქმნება - სახელმწიფო მინისტრს ორგანიზაციულ, მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს, - ეს განმარტება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნული პოსტის შემოღების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარადგინა.

როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეფექტური და მოქნილია და სახელმწიფო მინისტრს შესაძლებლობა აქვს დაკისრებული ფუნქცია აპარატის გარეშეც შეასრულოს. ბაჩიაშვილმა აქვე დასძინა, რომ „სწორედ ამიტომ ეძახიან მას ე.წ. უპორტფელო მინისტრს“.

„მთავრობის ადმინისტრაციის აპარატი დაკომპლექტებულია ღირსეული და პროფესიონალი კადრებით, რომელიც უწევს მხარდაჭერას პრემიერ-მინისტრს. აღნიშნული აპარატი იგივე შემართებითა და პროფესიონალიზმით გაუწევს მხარდაჭერას და ხელშეწყობას ფუნქციონირების განხორციელებაში სახელმწიფო მინისტრს.

სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებაში დაზუსტდება, სადაც მისი რუტინული თუ სტრატეგიული უფლებამოსილებები გაიწერება“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

ბაჩიაშვილის თქმით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებით უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური კოორდინაცია სახელმწიფო მინისტრის მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში შემავალ სამართალდამცავ ორგანოებს შორის.

„ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია მათი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება სიახლე არ არის და ის ბევრი ქვეყნისთვის დამახასიათებელია. მისი ძირითადი ფუნქცია არის ხაზგასმა და აქცენტირება აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტულ მიმართულებაზე, თუ რას მიიჩნევს ის პრიორიტეტულად“, - განაცხადა მან

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება. პროექტის მიხედვით, ახალი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

ცვლილებები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ხორციელდება.

როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული ცვლილებით მოხდება სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობის ზრდა უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების გზით ისე, რომ სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იქნება.

მისივე ინფორმაციით, ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება სამართალდაცვითი ფუნქციების მქონე სამსახურების საქმიანობის სინქრონიზაცია, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება, აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების დროული მომზადება და დინამიურ გამოწვევებზე ეფექტური და დროული რეაგირება.

„ქვეყნის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე სამართალდამცავი ორგანოების გამართულ, ურთიერთშეთანხმებულ ფუნქციონირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საზოგადოების განვითარებასთან ერთად, იცვლება დანაშაულის ხერხები და საშუალებები. შესაბამისად, მუდმივ დახვეწასა და ტრანსფორმაციას საჭიროებს სამართალდამცავი სფეროს მარეგულირებელი პოლიტიკა, დანაშაულთან ბრძოლის მიდგომები და მეთოდები.

არსებული სამთავრობო სტრუქტურა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სისტემურ მექანიზმს არ ითვალისწინებს. ამავე დროს, სამართალდაცვითი ფუნქციები გადანაწილებულია რამდენიმე უწყებაში. აღნიშნული უწყებების ოპერატიული კოორდინაციის ამ მნიშვნელოვანი სფეროს ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საჭიროა არსებობდეს ერთიანი სტრატეგიული მაკოორდინირებელი უწყება მთავრობის შემადგენლობაში, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობა იღებს ზომებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იგი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებაა.

ცვლილება უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობას, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვას. მეორე მხრივ, მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას, პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირებას. ასევე, მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი განახორციელებს კოორდინაციას საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან.

აღნიშნული ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება სამართალდაცვითი ფუნქციების მქონე სამსახურების საქმიანობის სინქრონიზაცია, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება, აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების დროული მომზადება და დინამიურ გამოწვევებზე ეფექტური და დროული რეაგირება“, - ნათქვამია კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის შემდეგ, პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს. პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოსტიდან ვადაზე ადრე გადადგომის შესახებ მდინარაძის წერილობითი განცხადება უკვე წარედგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026