როდესაც ელჩად წოდებული ბატონი ჰერჩინსკი ქართულ საზოგადოებას ემუქრება, ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ ერთი კონკრეტული ე.წ. დიპლომატის განცხადებად - სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის იმ ევრობიუროკრატიის გამოძახილი, რომელიც არარჩეულია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ევროკავშირის არარჩეული ბიუროკრატია“ განსაკუთრებით ესხმის თავს ქართულ საზოგადოებას და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაც „სწორედ ამ ბრალდებების, შანტაჟების და თავდასხმების გაგრძელებაა“.
„როდესაც ელჩად წოდებული ბატონი ჰერჩინსკი ქართულ საზოგადოებას ემუქრება, ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ ერთი კონკრეტული ე.წ. დიპლომატის განცხადებად. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის იმ ევრობიუროკრატიის გამოძახილი, რომელიც ახლა არარჩეულია და იკავებს იმ პოზიციებს, რომლებსაც იკავებენ. ისინი განსაკუთრებით თავს ესხმიან ქართულ საზოგადოებას. იმ საზოგადოებას, რომელიც არ ექვემდებარება გარედან მითითებებს, შანტაჟს, სხვადასხვა მავნებლობის დაბრალებას და იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტიდან გამომდინარეობს. სწორედ ამ ბრალდებების, შანტაჟების და თავდასხმების გაგრძელებაა ბატონო ჰერჩინსკის განცხადება, რომელთა დაკავშირებითაც, მათ შორის, ჩვენი მხარდამჭერებიც, ხშირად გვსაყვედურობენ ხოლმე, თუ რატომ არ ვიყენებთ მაგალითად, ვენის კონვენციით გათვალისწინებულ სხვადასხვა უფლებამოსილებას. აქ პასუხი ძალიან მარტივია, რომ ჰერჩინსკისნაირი პირები შეიძლება წავიდნენ, შეიძლება მოვიდნენ, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც სამწუხაროდ, მთლიანად დემოკრატიის საფუძვლებს გადახაზავს და გადახაზული არის ქვეყნებს შორის თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება, არ შეიცვლება. მთავარია, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით იმ ეროვნული ძალების გამოღვიძებას მთელი ევროპის მასშტაბით, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნებს შორის ურთიერთობა, სუვერენიტეტი და არა გარკვეული ძალების ინტერესების გატარება,“ - განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის დღეს შეხვედრა გაიმართა. პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე დაბარება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“. „საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.