ზურაბ პატარაძე - ჩემი რეკომენდატორი არის ჩემი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლება - რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდშიც იყო ამ საკითხის განხილვა

ჩემი რეკომენდატორი არის ჩემი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდშიც იყო ამ საკითხის განხილვა, - ასე უპასუხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის რეკომენდატორი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ გუნდს, პრემიერ-მინისტრს, მათ შორის საპატიო თავმჯდომარეს გამოცხადებული ნდობისთვის. ვფიქრობ, მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს რეგიონს და სამშობლოს წარმატება მოვუტანოთ“,- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ ჰქონდა მის დანიშვნაში გარკვეული როლი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, სადაც თავად ელჩის თანამდებობას იკავებდა, ზურაბ პატარაძემ განმარტა, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყანა შიდა საქმეებში არ ერევა.

„ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა. მე მეზობელ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას ვიკავებდი. მერწმუნეთ, წლების მანძილზე, რაც მე აზერბაიჯანში ვარ, ერთი წუთი არ შემიწყვეტია ჩემს სამშობლოზე ფიქრი და იმ წარმატებულ პროექტებზე, რომელიც დღეს მეზობელ ქვეყანასთან ერთად ხორციელდება. მეზობელი ქვეყანა არ ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მსგავს რჩევას, რეკომენდაციას ვერ გასცემდა“,-განაცხადა პატარაძემ.

მან პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

„აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს დაიწყო კომიტეტებში მოსმენები. დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მომეცა საშუალება, მესაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება და დაგეგმილია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები წამოიწყო. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები. არის მნიშვნელოვანი საქმეები და პროექტები. ტურისტული სეზონი, ეკონომიკა, განვითარება, სოციალური საკითხები, ინფრასტრუქტურა, ეს არის ის საკითხები, რომელიც დღეს დღის წესრიგში დგას. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი გუნდის საკეთილდღეოდ. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, ვემსახურო ჩემს მშობლიურ აჭარას, ჩემს მოსახლეობას და ერთად მივხედოთ ჩვენს უმშვენიერეს აჭარას“, - განაცხადა პატარაძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება