გიგა ფარულავა - სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კონკრეტული პირის დასაქმებისთვის იქმნება - როგორ წარმოგიდგენიათ, შსს-ს, პროკურატურას და სხვა უწყებებს შორის ყოველდღიური კოორდინაცია ერთმა ადამიანმა გასწიოს?!

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ერთი კონკრეტული პირის დასაქმებისთვის იქმნება - როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შს სამინისტროს, პროკურატურას და სხვა სამართალდამცავ უწყებებს შორის ყოველდღიური კოორდინაცია ერთმა ადამიანმა გასწიოს?! - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას თქმით, მან ვერ მოუსმინა განმარტება, თუ რამ განაპირობა მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილება.

“აქამდე კონკრეტულ უწყებებს შორის თანამშრომლობა და კოორდინაცია არაეფექტური იყო? - ფაქტია, რომ უნდა შეიქმნას კონკრეტული უწყება ერთი კონკრეტული ადამიანის დასასაქმებლად. არა მგონია, რომ გულის სიღრმეში ამ გადაადგილებას იწონებდეთ“, - განაცხადა გიგა ფარულავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება. პროექტის მიხედვით, ახალი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებაში დაზუსტდება, სადაც მისი რუტინული თუ სტრატეგიული უფლებამოსილებები გაიწერება.

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე დაინიშნება.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება