ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჯოხაძის ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურამ „ცრუ მოწმეები” წარადგინა და საუბრობს რუსეთში ოთარ-რომანოვ ფარცხალაძის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე

ილია მიკულსკის[ლევან ჯანგველაძის საქმის მოწმე] ჩვენება რა თქმა უნდა, სარწმუნოა, რატომ არ უნდა იყოს?! თუკი, ბრალდების მხარისთვის სარწმუნო იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ჩვენება, რატომ აღარ არის დღეს, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული გამოძიება სარწმუნო?! - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით ის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციაში ყოფილი გენერალური პროკურორის, ძებნაში მყოფ ოთარ-რომანოვ ფარცხალაძის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. რომანოვ-ფარცხალაძე საქართველოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ლევან ჯანგველაძის მეგობრების - ილია მიკულსკისა და როზა ნარცისოვას მიცემულ ჩვენებას ცრუს უწოდებს და გამოძიებას ითხოვს.

„ფორმულას“ ინფორმაციით, რუსეთში გამოძიების დაწყების შემდეგ, ილია მიკულსკიმ რუს სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მასსა და როზა ნარცისოვას საქართველოში ჩვენების მიცემის სანაცვლოდ 3 000 დოლარი მისცეს. თავის მხრივ, ნარცისოვამ ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მიკულსკიმ რუსეთში ჩვენება ზეწოლის საფუძველზე მისცა. ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, რუსულ პოლიციაზე ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დიდ გავლენას ახდენს.

„მთელი ეს ბრალდების საქმე ექვს მოწმეს ეყრდნობა. ესენი არიან: მიხეილ ბერძენიშვილი, რომელიც დაზარალებულის მამიდაშვილია - დაინტერესებული პირია, ასევე კონსტანტინე მორგოშია, რომელიც ასევე პირდაპირ დაინტერესებული პირია, რადგან მის ჩვენებაში დაინტერესება თავდაპირველადვე გამოიხატა. მორგოშიამ თქვა, რომ ოთარ ფარცხლაძის მტერია ის და ასევე, ფარცხალაძე მისი მტერია. ასევე, მოწმე არის გია ჩადუნელი, რომელიც ჯანგველაძის მძღოლი იყო, მისი ჩვენებაც საერთოდ არეული იყო.

ასევე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იყო ორი ცრუ მოწმე - როზა ნარცისოვა და ილია მიკულსკი, მათ ცრუ მოწმეობის სანაცვლოდ გარკვეული ჰონორარი - 3000 დოლარი აიღეს. რაც შეეხება ბრალდების არგუმენტაციას, რომ ისინი სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხნენ, მოგახსენებთ, რომ მიკულსკიმ აუდიო-ვიდეოჩანაწერში, რომელიც გავრცელდა, განმარტა, რომ 3 000 დოლარის გამო მისცა მან და ნარცისოვამ ცრუ ჩვენება.

ილია მიკულსკის ჩვენება რა თქმა უნდა, სარწმუნოა, რატომ არ უნდა იყოს?! თუკი, ბრალდების მხარისთვის სარწმუნო იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ჩვენება, რატომ აღარ არის დღეს, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული გამოძიება სარწმუნო?!“, - აცხადებს ბითაძე.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ გამოძიება სწორედ ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული, ძებნაში მყოფი ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართვის საფუძველზეა რუსეთის ფედერაციაში დაწყებული, ადვოკატი პასუხობს, რომ „ის დაინტერესებული პირი არ არი“.

„ოთარ ფარცხალაძე დაინტერესებული პირი როგორ გამოდის? როცა ოთარ ფარცხალაძემ გაიგო, რომ მას ბრალი მხოლოდ ორი ცრუ მოწმის საფუძველზე ედებოდა, ადგა და რუსეთის ფედერაციას, სადაც ის ცხოვრობს, მიმართა გამოძიების დაწყების მოთხოვნით, აბა ვისთვის მიემართა? მან კანონით მიმართა გამოძიებას, რომ მოკვლევა დაწყებულიყო. პირველივე მოკვლევაზე ილია მიკულსკი გამოვიდა და თავიდან ბოლომდე მოჰყვა ყველაფერი“, - აცხადებს ბითაძე.

კითხვაზე, ვინაიდან მეორე მოწმე, როზა ნარცისოვა ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ის დაწყებული გამოძიების ფონზე თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, გამორიცხავს თუ არა ადვოკატი, რომ რუსეთში დიდი გავლენების მქონე ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე თავად ახდენდეს მოწმეებზე ზემოქმედებას, ადვოკატი უარყოფით პასუხს სცემს.

„როზა ნარცისოვას გაჟღერებული ინფორმაცია სარწმუნო მხოლოდ იმის გამო არ არის, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული ანონსის შემდეგ წერს ვიდეოს. მანამდე სად იყო როზა ნარცისოვა? მანამდე არ ეშინოდა? ფარცხალაძემ მიმართა [რუსეთს] გამოიძიეთ და გამოიკვლიეთო. როდესაც გამოძიება დაიწყო, როზა ნარცისოვამ მაშინ იგრძნო რეალური შიში იმისა, რომ მან საქართველოში ჩაიდინა ანგარების მოტივით დანაშაული, ანგარების მოტივით მისცა ცრუ ჩვენება და ხელი დაადო უდანაშაულო პირებს. ახლა „ფეიქ ექაუნთზე“ აუდიო-ვიდეოჩანაწერით გამოდის და ჰყვება, თითქოს, ეს ასე არ ყოფილა“, - აცხადებს ბითაძე.

იქამდე კი, ვიდრე ადვოკატი ჟურნალისტებთან კომენტარს გააკეთებდა, მან სასამართლოში გიორგი ჯოხაძესთან მიმართებაში დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

ადვოკატის თქმით, საქმეში არსებობს პოლიციელების ჩვენებები. პოლიციელი კი მისი შეფასებით, არ არის ნეიტრალური მოწმე და მისი ჩვენება სარწმუნო მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

ადვოკატის თქმით, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე არ იკვეთება გიორგი ჯოხაძის ბრალეულობა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა.

ლიკა ბითაძე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, რუსეთის მოქალაქის, ილია მიკულცის ვიდეოჩანაწერის შინაარსს სასამართლო პროცესზეც შეეხო. ადვოკატის თქმით, აღნიშნული მოწმე, რუსულ საგამოძიებო ორგანოსთან ამბობს, რომ მას და როზა ნარცისოვას 3000 დოლარის სანაცვლოდ მიაცემინეს საქართველოში ჩვენება. ადვოკატის შეფასებით, ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთეს, რათა ოთარ ფარცხალაძე პასუხისგებაში მიეცათ.

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნული ვიდეოს შინაარსის განხილვის ნაწილი გააპროტესტა, ვინაიდან ის სასამართლოში არ გამოუკვლევიათ.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის განმარტებით, დარბაზს მიღმა, ვინ, რას ამბობს, სასამართლოს შეფასების ფარგლებს სცდება.

აღნიშნულის საპასუხოდ ბითაძემ განაცხადა, რომ ორივე მოწმის - როზა ნარცისოვასა და ილია მიკულსკის ჩვენება სასამართლოს მტკიცებულების სახით აქვს მიღებული, მედიაში გავრცელებული მათი ინფორმაცია კი, გამოძიების დაწყების საფუძველია.

შემდეგ სასამართლო პროცესზე მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026