პროკურორი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ორი მოწმის - ილია მიკულსკისა და როზა ნარცისოვას სასამართლოში გამოკითხვასთან დაკავშირებით დეტალებს განმარტავს

ჩვენთან რაიმე დამატებითი მტკიცებულება ან ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის, მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელდა რაღაც გარემოება, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის მოწმის გამოკითხვის ოქმი, - ასე ეხმაურება პროკურორი ლევან ვეფხვაძე „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ძებნაში მყოფ ოთარ-რომანოვ ფარცხალაძის მიმართვის საფუძველზე რუსეთში გამოძიების დაწყების შემდეგ, ილია მიკულსკიმ რუს სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მასა და როზა ნარცისოვას საქართველოში ჩვენების მიცემის სანაცვლოდ 3 000 დოლარი მისცეს. თავის მხრივ, ნარცისოვამ ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მიკულსკიმ რუსეთში ჩვენება ზეწოლის საფუძველზე მისცა. ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, რუსულ პოლიციაზე ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დიდ გავლენას ახდენს.

პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთი მოწმე ვიდეოში ავრცელებს, რომ გამოკითხვისას კითხვები არ დასმულა, რაც სიცრუეა და სხდომის ოქმიც კი არსებობს, სადაც ჩანს, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს დაკითხვა.

„მოცემულ შემთხვევაში გავრცელდა ორი ვიდეო. ორი მოწმე განსხვავებულად აღწერს პოზიციას. მათ შორის ქალბატონი როზა ნარცისოვა, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფოში ხდება მათ მიმართ ზემოქმედება, მათ შორის მოხდა ილია მიკულსკიზე ზემოქმედება და ა.შ. ჩვენთან ოფიციალურად, რაიმე ფორმით განცხადება ან რაიმე სხვა დაფიქსირებული არ არის, ჩვენთან რაიმე დამატებითი მტკიცებულება ან ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის, მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელდა რაღაც გარემოება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის მოწმის გამოკითხვის ოქმი და მოწმის დაკითხვის ოქმი, სადაც ეს მოწმეები მათ შორის გაფრთხილებული არიან ცრუ ინფორმაციის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. არა მარტო გამოძიების ეტაპზე, მოსამართლის წინაშეც თარჯიმნის მეშვეობით დაიკითხნენ სასამართლო პროცესზე. მათ შორის ერთ-ერთი მოწმე ვიდეოში ავრცელებს, რომ კითხვები არ დასმულა, მარტივად გეტყვით, სხდომის ოქმიც კი არის, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს დაკითხვა და უფრო შორს რომ წავიდე, მოსამართლე გამომძიებელს ეუბნება, აცადე პასუხების გაცემაო და მერე დაუსვი შეკითხვაო, დანარჩენი თქვენ შეაფასეთ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ლევან ვეფხვაძის თქმით, აღნიშნული მოწმეების ჩვენებები ცალკე არ შეფასებულა, შეფასდა სხვა მტკიცებულებების კონტექსტში და ყველა მტკიცებულებასთან მიმართებაში ერთიანია პოზიცია და რაიმე წინააღმდეგობა მათ შორის არ არის.

„ეს ორი მოწმე გამოკითხულია გამოძიების ეტაპზე და დაკითხულია მაგისტრ მოსამართლესთან. დაკითხვა იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში. დაცვის მხარისგან იყო გამოთქმული, რომ არ მოგვეცა დასწრების საშუალებაო, არ მიეცემოდათ მარტივი მიზეზის გამო, ეს მოწმეები გამოკითხული არიან იმ საქმეში, სადაც მეორე მხარე არ არსებობდა. მეორე მხარე არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალის წარდგენა ხდება. გამოკითხვა იყო მაშინ, როდესაც იმ ეტაპზე ბრალდებული არავინ იყო, ამიტომ ნუ წარმოვაჩენთ ისე, თითქოს ვიღაცამ შეზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს იმას, რომ მეორე მხარე შეიძლება შეიზღუდოს დასწრების კონტექსტში, აქ მეორე მხარე საერთოდ არ იყო. მათი გამოკითხვა დაფიქსირებულია როგორც ფურცელზე, ასევე აუდიო ჩანაწერი არსებობს. ისინი გამოიკითხნენ თარჯიმნის მონაწილეობით მოსამართლის თანდასწრებით და კითხვებზე გასცეს პასუხი. მოწმეთა ჩვენებები ჩვენ შევაფასეთ სხვა მტკიცებულებათა კონტექსტში. ცალკე აღებული მტკიცებულებების შეფასება არ ხდება, ეს ხდება ყველა მტკიცებულებათა კონტექსტში და ყველა მტკიცებულებასთან მიმართებაში ერთიანია პოზიცია და რაიმე წინააღმდეგობა მათ შორის არ არის. ორივე მოწმემ მიუთითა, რომ ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, მათ თქვეს, რომ ისინი ჩამოვიდნენ კონკრეტული მიზნით, ისინი არიან ლევან ჯანგველაძის ნაცნობები, დააფიქსირეს პოზიცია და წავიდნენ საქართველოდან. ზუსტად ეს გახდა საფუძველი, რომ დაიკითხნენ მაგისტრ მოსამართლესთან.

სასამართლო პროცესზე ვერ მოხდა მათი დაკითხვა, ვინაიდან ვერ შედგა კონტაქტი. ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა ტელეფონის ნომერი მითითებული და როდესაც გამომძიებელი დაუკავშირდა, ვერ გავიდა კონტაქტზე. კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი გზით[საელჩო] კავშირი არ გვაქვს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026