სამწუხაროდ, რა პროცესებიც ახლა მიდის, ცოტა იმედგაცრუებას იწვევს. ხანდახან მგონია, რომ ფოკუსი არის დაკარგული გარკვეულწილად, ვინ არის მოწინააღმდეგე და რაზე უნდა გააკეთო აქცენტი, - ამის შესახებ „პრევენცია პროგრესისთვის” ხელმძღვანელმა, ტატო ქელბაქიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ “ოპოზიციურ ალიანსში” მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
ქელბაქიანის თქმით, ალიანსში არსებული მდგომარეობა გარედან ძალიან ცუდად ჩანს, რის გამოც მოქალაქეებს ცვლილებების იმედი არ უჩნდებათ.
“საკმაოდ რთული წინააღმდეგობის პროცესში ვართ ჩართული. საზოგადოების მოთხოვნაც იყო ამ წინააღმდეგობის სივრციდან, რომ პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობა აეღოთ და მსხვილი გაერთიანების შეთავაზება მოეხერხებინათ.
სამწუხაროდ, რა პროცესებიც ახლა მიდის, ცოტა იმედგაცრუებას იწვევს. ხანდახან მგონია, რომ ფოკუსი არის დაკარგული გარკვეულწილად, ვინ არის მოწინააღმდეგე და რაზე უნდა გააკეთო აქცენტი.
მოდი, შევხედოთ ამას ჩვეულებრივი მოქალაქის მხრიდან - როდესაც შენ ეძებ ალტერნატივას და გინდა ცვლილებები, არის შემოთავაზებული ალიანსი და ამ ალიანსში ყოველდღიურად ხედავ ამ „პინგპონგს“ - ერთი რაღაც განცხადებას გააკეთებს, მეორე უპასუხებს და მთელი დისკუსიაა ამ სივრცეში გადატანილი. გარედან რომ შეხედავ ამ ყველაფერს, ცუდად ჩანს ეს ყველაფერი. შიგნით აქვთ პრობლემა შეთანხმების ნაწილში და იმედი იმისა, რომ ამ გზით მივალთ რაღაც ცვლილებამდე, ამის შემხედვარე ეს იმედიც არ გიჩნდება.
ვინც ეს წინააღმდეგობა აქამდე მოიტანა და შეინარჩუნა, სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი ნაწილის დამსახურებაა. რუსთაველზე რომ ვდგავართ, გვაქვს შაბათის მარშები, დავდივართ რეგიონებში, ამას ვეძახდი ნაკვერჩხლის შენახვას. მარტო ამ გზით გამარჯვებას ვერ მივაღწევთ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა ამ ნაკვერჩხლის შენახვა იმისთვის, რომ მერე რაღაც პროცესი თუ შეიქმნება, შენ გაქვს ნაკვერჩხალი, რომელსაც შეშას მიაყრი. ჩვენ კბილებით მოვიტანეთ ეს პროცესი, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის მერე, როდესაც გარკვეული კრიზისი შეიქმნა და იყო შეტევა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჩვენი დაკვეთა და მოთხოვნა იყო, რომ რაღაც ტიპის გაერთიანება შექმნილიყო. მაგრამ გზა და გზა რომ ასეთ რაღაცას ასხივებ, ეს არც ჩვენი დაკვეთა არ არის და უკვე იმედსაც გიცრუებს ადამიანს, როცა ელი რაღაც სხვას და იღებ სულ სხვა ვითარებას.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას გადალახავენ და ცოტა სხვანაირი ფორმით წარმოჩინდებიან საზოგადოების წინაშე. ჩვენ კი ამ საზოგადოებრივი პროცესის გაძლიერებას ვაპირებთ და კიდევ უფრო გაშლას, წარსული შეცდომების გაანალიზებას ვაპირებთ. გადავლახეთ რაღაც ეტაპები, გამოცდილებაც დავაგროვეთ, შეცდომებიც ბევრი გვქონია, კარგად შევისწავლეთ ამ რეჟიმის ქცევის მოდელი, რაზე დგას და რა ტიპის საკომუნიკაციო ენა უნდა გვქონდეს”, - განაცხადა ქელბაქიანმა.