ირაკლი კირცხალია ევროკავშირის ელჩზე - მისგან და არა მხოლოდ მისგან თავხედური და შეურაცხმყოფელი რიტორიკა არახალია - გასცდნენ ყველანაირ მორალურ ჩარჩოებს მასპინძელ ქვეყანაში

სამწუხაროდ, მისგან და არა მხოლოდ მისგან, ასეთი თავხედური და შეურაცხმყოფელი რიტორიკა არახალია. ქართული საზოგადოება შეაჩვია ამ უტიფრობას და სითავხედეს, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, განცხადებას.

რაც შეეხება ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას, კირცხალია აცხადებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების რეაქცია იყო ადეკვატური.

„სამწუხაროდ მისგან და არა მხოლოდ მისგან, ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთი თავხედური და შეურაცხმყოფები რიტორიკა არახალია. ქართული საზოგადოება შეაჩვია ამ უტიფრობას და სითავხედეს. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას არ ვგულისხმობ. რა უნდა გვიკვირდეს [ამ] ადამიანისგან, გაგახსენებთ, რა განცხადება გააკეთა მან პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე საათში, როგორი აბსურდის თეატრი შესთავაზა ჩვენს საზოგადოებას, სრულიად ცრუ, აღქმებზე დაფუძნებული რეალობა შესთავაზა მოქალაქეებს და საზოგადოებას, არ დაგავიწყდეთ და არ დაავიწყდეთ მათ, რომ ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო პროცესში, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი არჩევნების დროს. პირდაპირ მოუწოდებდნენ ვისთვის, რომელი პოლიტიკური პარტიისთვის, უნდა დაეჭირათ მხარი. გვითქვამს და დღესაც განვმეორდები, ისინი არიან ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრები. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ბექგრაუნდი აქვს თავის განცხადებებსა და ქმედებებში ბატონ ჰერჩინსკის, რა გასაკვირია, რომ დღეს დააბრუნა იგივე რიტორიკა. ისინი გასცდნენ ყველანაირ მორალურ ჩარჩოებს თავის მასპინძელ ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026