გიგა ბოკერია - პოლიტპატიმარ სააკაშვილს და მის გუნდს მოუწევს შეგუება, რომ რასაც ხელი მოაწერეს, იმ გზას უნდა გაყვნენ - „ვიქნები, მაგრამ წესებს არ დავეთანხმები“, არ გამოვა, თუ ასე იქცევი, ფაქტობრივად, თვითონ გადიხარ ალიანსიდან

„ფედერალისტების“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ოპოზიციურ ალიანსში“ შემავალი პარტიების უმრავლესობა შეთანხმებული პრინციპების ერთგულია, ხოლო ვინც არ აღიარებს წესებს, “ფაქტობრივად, თავად გადის ალიანსიდან”.

როგორც გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, მიუღებელია პოზიცია, როდესაც ვიღაც ცდილობს, წესების იგნორირებას და საკუთარი როლის გადაჭარბებულად წარმოჩენას.

ბოკერია, ასევე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წერილს და აცხადებს, რომ ნიკა მელიას პასუხი ამ კონტექსტში ბუნებრივია და რეალურ ვითარებას ასახავს.

„როგორც კი ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი სტრატეგიაზე შეჯერდა, ასევე, ქცევის წესებზე, ძალიან მალევე ამ ყველაფრის წინააღმდეგ დაიწყეს კამპანია. სამწუხაროა, ოღონდ ეს ვერ შეცვლის ალიანსის გეგმებს. პოლიტპატიმარ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს მოუწევს ან შეგუება იმასთან, რომ რასაც ხელი მოაწერეს იმ გზას უნდა გაჰყვნენ, ან იზოლაციაში იქნებიან. ჯერჯერობით, მათთან ცილისწამების გარდა არაფერი მოგვისმენია, განსაკუთრებით, „ახალზე“ და ნიკა მელიაზე. ასევე პარტნიორების დაკნინება. ყველაფერი გაწერილი იყო, რაც არ უნდა მომხდარიყო, თან სიტყვა-სიტყვით იყო გაწერილი და არა ბუნდოვნად. სრულიად ალიანსის იდეას დაუპირისპირდნენ. გასაგებია, შეიძლება ყველა პარტიას უნდოდეს იმხელა მანდატი, რომ თვითონ წაიყვანოს წინ [ალიანსი].

რეალობა ისეთია, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ კოალიციური მმართველობის ალბათობა მაღალია. ამ დროს რატომ უნდა მოგინდეს ამ პროპაგანდაში ჩართვა?! ეს ძალიან ცუდია, ისევე როგორც „ჩემი და ივანიშვილის გარდა არავინ არ არსებობს“. ეს არის პარტნიორების დაკნინება. ახლა იძახის, რომ მე შიგნით ვიქნები, მაგრამ წესებს არ დავეთანხმები. ასე არ გამოვა. ეს შეუძლებელია.

ნიკა მელიას ეს პასუხი, სრულიად ბუნებრივია და რაც იქ წერია, არის სიმართლე. რომ შევაჯამო, ალიანსში შემავალი ყველა პარტია, გარდა ერთისა, დღეს არის ერთგული იმ დოკუმენტის, იმ ხედვის, იმ პრინციპების, რაზეც შევჯერდით“,- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, განაცხადი, რომ „ჩვენზე წესები არ ვრცელდება, ჩემ გარდა არავინ არსებობს“ ეს ეწინააღმდეგება იმ ამოცანას, რაზეც ოპოზიციის დიდი ნაწილი შეთანხმდა.

„ანუ, ფაქტობრივად გადიხარ ალიანსიდან შენ თვითონ, თუ ასე იქცევი. თუ ამბობ, რომ არ ცნობ, არც სტრატეგიას, არც ხედვას, არც წესებს ე.ი. გასულხარ შენ თვითონ. სააკაშვილმა და მისმა პარტიამ მიიღეს გადაწყვეტილება, ჭოჭმანის შემდეგ, შეერთებოდნენ ალიანს, დაეთანხმნენ ამ ხედვას და თამაშის წესებს. ჩვენი ამოცანა ვინმეს გარიცხვა კი არ არის, როგორიც სკეპტიკური არ უნდა ვიყოთ წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე. პოლიტპატიმარ სააკაშვილის პოზიცია იყო, რომ თუ ერთად არ ვიქნებით, არავინ არ ვიქნებით. ამას მე კი არ ვიგონებ, ასე თქვეს.

თუ არ შეიცვალეს ეს წესი და გეზი, განაცხადი, რომ ჩვენზე წესები არ ვრცელდება, ჩემ გარდა არავინ არსებობს, ეს ეწინააღმდეგება იმ ამოცანას, რაც ერთად დავისახეთ“,- აცხადებს ბოკერია.

კითხვაზე, იქნება „ოპოზიციის ალიანის“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ძლიერი, ბოკერია პასუხობს, რომ მიუხედავად კრიზისისა, ალიანსი კურსს არ შეცვლის და იმ ძალებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, ვინც საერთო ხედვას იზიარებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ კი არა ყველასი, ვინც იმ ხედვას იზიარებდა, ეს იყო ჩვენი ამოსავალი. „ფედერალისტები“ და სხვა პარტნიორები ამის ინიციატორები ვიყავით. დღეს, რასაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა აკეთებენ ცუდია, ოღონდ ჩვენს გეზს ვერ შეცვლის. თუ ეს ასე იყო, ეს სწრაფად უნდა გარკვეულიყო“, - დასძენს ბოკერია.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026