გიორგი სიორიძე - სამარცხვინო ფურცელია ქართული დიპლომატიის ისტორიაში - ევროკავშირის ელჩს იბარებ იმის გულისთვის, რომ ისტორიული შეფასება გააკეთა

სამარცხვინო ფურცელია ქართული დიპლომატიის ისტორიაში, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას ეხმაურება.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩის შეფასება იყო „უბრალოდ ისტორიული შეფასება“.

„ევროკავშირის ელჩს იბარებ იმის გულისთვის, რომ მან გააკეთა განცხადება საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, ეს ხომ უბრალოდ ისტორიული შეფასებაა, როდესაც უკუსვლაზე ვსაუბრობთ, მივდივართ 90-იან წლებამდე. არასოდეს ელჩები იმის მიხედვით არ აფასებენ ხელისუფლებას, კარგები არიან თუ ცუდები, როგორ იდეოლოგიურ ორბიტაზე დგანან, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას, ხელისუფლების მიტაცებას, როდესაც ყოველგვარი ზღვარი არის წაშლილი მმართველ პარტიასა და სხვადასხვა სახელისუფლო შტოს შორის, როდესაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, როდესაც თავისუფალ მედიას დევნიან, პოლიტიკური პარტიების გაუქმებას აპირებენ, ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს პატიმრობაში უშვებენ, ეს არის ყველაფერი ის, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს და სტანდარტებს, შესაბამისად, ევროკავშირის ელჩმა, რა თქმა უნდა, ამას უნდა მისცეს ადეკვატური შეფასება, ამიტომაცაა ის ელჩი“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი სიორიძე გადაცემაში გამოეხმაურა პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება.

სიორიძის თქმით, მდინარაძე ერთგვარი უპორტფელო მინისტრი იქნება, ადმინისტრაციული რესურსის გარეშე და არ დაექვემდებარება თავდაცვის სამინისტრო, რაც „უიაფეს და უმდარეს პროპაგანდაზე მეტყველებს“.

„ეს მეტყველებს საბავშვო ბაღზე და უიაფეს, უმდარეს პროპაგანდაზე, რომლითაც ცდილობენ, რომ თავისი ყველაზე ბრმადმორწმუნე ამომრჩევლები დაარწმუნონ, რომ თითქოს უცებ გაჩნდა საჭიროება ძალოვანი უწყებების კოორდინაციის და მამუკა მდინარაძე, რომელმაც სუს-ი ააშენა ექვს თვეში, იქ უფრო ყოფილა საჭირო.

მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე: პარანოიიდან გამომდინარე ძალის კონცენტრაცია სურს, რომ გაანეიტრალოს ბიძინა ივანიშვილს, მეორე „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს სპიკერების დეფიციტი, ვერავინ ჯამურად ვერ ქმნის იმ წონას, რაც სჭირდება ამ სიბინძურის მიზანმიმართულ, მექანიკურ ნთხევას, რასაც ასე კარგად ართმევდა თავს მამუკა მდინარაძე, ის ყველაზე შავ საქმეს ასრულებდა პროპაგანდის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა