მიეცით ბავშვებს წამალი! ვინმე სარჯველაძე, რომელსაც ნულოვანი სამედიცინო განათლება აქვს და ნულოვანი პოლიტიკური ეთიკა, დღეს ამ ხელისუფლებაში ოფიციალური პოლიტიკური მონსტრი აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე მქონე ბავშვების პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.
მან ხელისუფლებას მოუწოდა, „ამჯერად მაინც მოიქცნენ სწორად“ და ბავშვებს საჭირო მედიკამენტები მისცენ.
„მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიუჯეტიდან დახარჯულ ყოველ მესამე ლარს აკონტროლებს. საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 30% მოდის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი არის პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ დახარჯულ ყოველ მესამე ლარზე. ადამიანს აბსოლუტურად ყველა ბერკეტი აქვს. 9 მილიარდიან ბიუჯეტზეა საუბარი, მარტო ჯანდაცვის სამინისტროში, აქედან 2 მილიარდზე მეტი არის ჯანდაცვის ნაწილი და არა სოციალური განაწილებების. ეს ადამიანი ამბობს, რომ რამდენიმე თვეა იმუშავა და ვერ მოახერხა 39 მილიონის პოვნა ქვეყანაში, სადაც ამბობენ, რომ საუკეთესო ეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური ზრდა აქვთ? შემირცხვენია მისი კაცობა, შემირცხვენია ყველა იმ ადამიანის პოლიტიკოსობა, რომელსაც პოლიტიკა ჰგონია, ამ ბავშვების მშობლებს ბინძური ტყუილებით უპასუხოს და არ გააკეთოს საქმე, რომელიც ამ ბავშვებს, თუნდაც 1 წუთით, თუნდაც 1 საათით აარიდებს ეტლს ან გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს. ახლა მოიქცნენ სწორად და ამ ბავშვებს სიცოცხლე გაუხანგრძლივონ“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, მან საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის გუშინდელი განცხადებები შეაფასა, მათ შორის იმის თაობაზე, რომ საქართველოში „არანაირი რეპრესიები და დასავლელი პარტნიორების მიმართ მტრული რიტორიკა არ არსებობს, დიალოგი კი თავად ბრიუსელმა შეაჩერა“.
თაზო დათუნაშვილის განცხადებით, მაკა "ბოჭორიშვილი უტიფრად იტყუება". „საქართველოს მოსახლეობას ატყუებს უმაღლესი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირი, როგორც ის თავს თვლის. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერია და საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოს მოსახლეობას მოატყუოს, რომ ამ ქვეყანაში რეპრესიები არ არის. ამას ხომ საქართველოს ყველა მოქალაქე ხედავს?! ამას ხომ მაკა ბოჭორიშვილის უტყვი სახით ნათქვამი ფრაზები არ სჭირდება? საქართველოს ყველა მოქალაქე ხედავს, რომ უსამართლოდ ისჯებიან ამ ქვეყანაში ადამიანი, ისჯებიან პოლიტიკური ნიშნით და ისინი დღეს ციხეში სხედან პოლიტიკური ლიდერებიც ციხეში არიან. ჩვენი ორი თანაპარტიელი, ვეფხია კასრაძე და ვასო კაძელაშვილი, რომელსაც უნდა იცნობდეთ, რომ მიხვდეთ იმ ბრალდებასთან საერთოდ ახლოს ჩავლა თუ შეუძლიათ. ერთი დღე უნდა გქონდეთ გატარებული ვეფხია კასრაძესთან, რომ იცოდეთ, ასეთი უწყინარი კაცი, რომელიც სადემარკაციო ხაზის გარშემო ცხოვრობს, მრავალშვილიან ოჯახს უვლის და ქართულ კერას ინახავს კონფლიქტს ზონასთან, ეს კაცი არის გადატრიალების და საბოტაჟის მომწყობი? - ეს ხომ სიგიჟეა. ის უსამართლოდ ზის დღეს ციხეში. პოლიტიკური ლიდერები უსამართლოდ არიან ციხეში, იქნება ეს ლევან ხაბეიშვილი, პაატა მანჯგალაძე თუ სხვები. იმის გათვალისწინებით, რომ „კლანური“ სასამართლო გვაქვს. ამას არ დაარქვა რეპრესიების არქონა, ეს არის უბრალოდ „თვალებში ნაცრის შეყრა“, უტიფრობა და პოლიტიკიდან გასაქრობი ადამიანის სიტყვები. ასეთი ადამიანის პოლიტიკაში ყოფნა არის ის, რაც ჩვენს საზოგადოებას განიზიდავს პოლიტიკური პროცესიდან და უკიდურეს ნიჰილიზმში აგდებს. ეს არის ბინძური ტყუილები. ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს იჭერენ, ადამიანებს სხვადასხვა რამით ემუქრებიან, აშანტაჟებენ, უბედურ დღეში აგდებენ იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკურად სხვადასხვა შეხედულების არიან. იმის თქმა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური რეპრესიები, ეს არის უბრალოდ ბოროტება. აი, ასე გამოიყურება ბოროტება“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
ამასთან, მან საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის დაბარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ტყუილია, თითქოს დიპლომატი საქართველოს დაემუქრა.
„ამ პროვინციული ავტოკრატიის პირობებში, ასეთი ტიპის დაბარებები, დემარშები გამოიყენება შიდა მოხმარებისთვის ყველაზე შავრაზმული, ყველაზე ბნელი „ქართული ოცნების“ ელიტის საამებლად და პროპაგანდისტული მიზნებით. ხომ ტყუილია, რომ ბატონი პაველ ჰერჩინსკი ამ ქვეყანას რაიმეთი ემუქრება. ბატონმა ჰერჩინკსიმ აღწერა საქართველოს ისტორიის ის უმძიმესი პერიოდი, რომლის მომსწრეებიც ვართ, რომელსაც 90-იანი წლები ერქვა ამ ქვეყანაში და როდესაც საქართველო იყო მარტო. საქართველოს მარტო ყოფნამ, მისმა იზოლაციამ, მისი ხელმძღვანელობების, მისი ელიტების უპასუხისმგებლობამ გამოიწვია სამოქალაქო ომი ამ ქვეყანაში და საქართველოს ტოტალური იზოლაცია. საქართველოს იზოლაცია გამოიყენა ჩვენმა მტერმა- რუსეთმა. ჩვენი მტერი ევროკავშირი არ არის. ძალიან მძიმე ვითარება ისე გამოიყურება, როგორც ბატონმა ჰერჩინსკიმ აღწერა. ჩვენი უახლესი ისტორია ასე გამოიყურება. მგონი ცოტაა ამ ქვეყანაში ის ადამიანები, რომლებიც ჰერჩინსკის სიტყვებში ჩვენს უახლეს წარსულს არ დაინახავდნენ. ბატონი ჰერჩისნკი პოლონელია, ის ბრიუსელის ბიუროკრატია არ არის. ბატონი ჰერჩისნკი ჩვენი მოძმე პოლონეთის წარმომადგენელია. პოლონელი ერისთვის უცხო არ არის საბჭოთა კავშირი, რუსული რეპრესიები, „კაგებეს“ გავლენები. ის ბოროტება, რაც რუსეთმა გამოიწვია ჩვენ ქვეყნებში. ამიტომ, პაველ ჰერჩინსკი ჩვენს უახლოეს წარსულს აღწერს, როდესაც საქართველო იზოლირებული იყო. შესაბამისად, ეს რომ მუქარად აღიქვა, ან სულელი უნდა იყო და არაფერი გაგეგებოდეს საკუთარი სამშობლოს ისტორიის, ან მიზანმიმართულად, უტიფრად იტყუებოდე“, - განაცხადა დათუნაშვილმა.