სუს-ი ზოგისთვის ქონების, ზოგისთვის კი წოდებების დაგროვების ადგილად იქცა - მორიგი ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე, რომელსაც 7 თვეში რიგითობიდან გენერლის წოდება მიანიჭეთ, რომლის ეფექტურობაზეც არაერთი საქებარი სიტყვები მოგვისმენია, დღეს კოორდინაციის ფუნქციით ერთ ოთახში გამოკეტეს, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სუს-ი არა სახელმწიფო უსაფრთხოების, არამედ პირადი უსაფრთხოების სამსახურის დანამატად მიიჩნია.
„მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, როცა რეგიონში უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარებაა და ჰიბრიდული ომის საფრთხეები ყოველდღიურად იზრდება, ქვეყნის მთავარი სპეცსამსახური ნაცვლად იმისა, რომ ოკუპანტი ქვეყნის გავლენებს ებრძოდეს, ივანიშვილის პირადი ინტერესების მსახური ხდება.
რამდენი სამადლობელი ბრიფინგიც არ უნდა გამართოთ, ფაქტია, რომ მხოლოდ ერთი კაცის პირად ახირებას ემსახურებით და მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ერთგულად შეასრულებთ „შავ საქმეებს“/ დავალებულ საქმეებს, ფინალი ყველასთვის მაინც ერთნაირი იქნება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ სტრატეგიული უწყების ხელმძღვანელი სამჯერ შეიცვალა. თქვენც კარგად იცით, არცერთი მათგანი, არც პირადი სურვილით წასულა და არც პრემიერ-მინისტრის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით. მათი წასვლა-მოსვლა პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის პირად სურვილებთან. მან სუს-ი არა სახელმწიფო უსაფრთხოების, არამედ პირადი უსაფრთხოების სამსახურის დანამატად მიიჩნია.
ერთი ყოფილი ხელმძღვანელი თავად დააკავეთ თურქი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებისა და ე.წ. „ქოლცენტრების“ მფარველობის ბრალდებით. ადამიანი, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა და კორუფციასთან ებრძოლა, თავად აღმოჩნდა კორუფციული სქემების ცენტრში.
არადა კარგად გვახსოვს წინა მოწვევის პარლამენტში როგორ თავგამოდებით იცავდით მას, როცა “ქოლცენტრების” საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვდით. ახლა როგორ შეაფასებთ თქვენს მაშინდელ პოზიციას? ვინ ყოფილა მატყუარა? რამდენს გაქვთ მასთან წილი მიტანილი და საქმე ჩაწყობილი?
სუს-ის შემდეგი საგმირო საქმე, ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო უცხო ქვეყნიდან ადამიანის ჩარტერული რეისით გატაცებაა. სუს-ის მეორე ხელმძღვანელი ოხანაშვილი, რომელმაც ეს „ოპერაცია“ შეასრულა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მცირე ხანში სახლში გაუშვეს.
და ბოლოს, მორიგი ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე, რომელსაც 7 თვეში რიგითობიდან გენერლის წოდება მიანიჭეთ, რომლის ეფექტურობაზეც არაერთი საქებარი სიტყვები მოგვისმენია, დღეს კოორდინაციის ფუნქციით ერთ ოთახში გამოკეტეს.
ასე იქცა სუს-ი ზოგისთვის ქონების, ზოგისთვის კი წოდებების დაგროვების ადგილად.
რამდენიმე დღის წინ, სუს-ის რიგითი თანამშრომელი დაიჭირეთ ინფორმაციის გატანის ბრალდებით, ამ ფაქტამდე 1 დღით ადრე კი, მამუკა მდინარაძე „იმედის“ პირდაპირ ეთერში სიამაყით ჰყვებოდა, თუ როგორ წარმატებით დაგეგმეთ და მართეთ 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ პროვოკაცია და როგორი წარჩინებით იმუშავეს თქვენმა ჩანერგილმა აგენტებმა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდეთ ჩვენს მოქალაქეებს თუ დანარჩენ ოპოზიციას, რომ 4 ოქტომბრის დამხობის პროვოკაცია „ოცნების“ და სუს-ის ოფისში იყო დაგეგმილი, ზოგმა ნებით, ზოგმა კი უნებლიეთ ამ სცენარში მონაწილეობა მაინც მიიღო და მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა.
მოგწონთ ეს სურათი? სად არის აქ სახელმწიფო ინტერესები? სად არის აქ სუს-ის, როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის პრესტიჟი?
დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე ორი მოწმე გვყავს:
მამუკა მდინარაძე, რომელმაც სიამაყით აღიარა თუ როგორ დაიგეგმა 4 ოქტომბერი და ირაკლი კობახიძე, რომელმაც თავის დროზე აღიარა, რომ ოპოზიციაში უამრავი აგენტი ჰყავს „ანიტების“ სახით.
დასასრულს, მსურს პატივისცემითა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია კეთილსინდისიერად ემსახურებიან საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. თუ დღეს საერთოდ შეგვიძლია ვისაუბროთ სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და სტაბილურობაზე, სწორედ ღირსეული პროფესიონალების, მსახურების შედეგია.
თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს არ აქვთ ის ფუფუნება, რომ სულ რაღაც 7 თვეში რიგითობიდან გენერლობამდე „დაწინაურდნენ“. მათთვის წოდება წლობით გაწეული შრომით მოიპოვება და არა პოლიტიკური ერთგულების სანაცვლოდ.
სუს-ი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს უსაფრთხოებას და არა ერთი პირის პირად ინტერესებს.“- განაცხადა ფარულავამ.