ეკა სეფაშვილი - პაველ ჰერჩინსკის მუქარა იმ ძალების დავალებითაა, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არაფერი უნდათ - მათ დიდ გლობალურ საჭადრაკო დაფაზე საქართველო მხოლოდ პაიკია და ისიც შესაწირად გამზადებული პაიკი, რომ სტრატეგიულ მიზნებს მიაღწიონ

პაველ ჰერჩინსკის მუქარა იმ ძალების დავალებითაა, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არაფერი უნდათ. მათ დიდ გლობალურ საჭადრაკო დაფაზე საქართველო მხოლოდ პაიკია და ისიც შესაწირად გამზადებული პაიკი, რომ სხვა უფრო სტრატეგიულ მიზნებს მიაღწიონ, - ამის შესახებ “ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს მუქარა ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ, იმას, რომ სასოწარკვეთილებაში არიან ეს გლობალური ძალები, რადგან საქართველოში 5 რევოლუციური მცდელობის წყალობითაც კი ვერ მოახერხეს ხელისუფლების შეცვლა“.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში და საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევროდირექტივებს, რომელიც ასოცირების შეთანხმებაშია გაწერილი.

„მსოფლიო ისევ ომის ქარცეცხლშია გახვეული, ძალთა ახალი ბალანსი არ ჩანს და რესურსებიც ჯერ კიდევ გადაუნაწილებელია მთელი პლანეტის მასშტაბით. ამ პირობებში ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის ელჩის, ჰერჩინსკის მუქარას საქართველოს წინააღმდეგ. ეს მუქარაც, რა თქმა უნდა, იმ ძალების დავალებით არის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არაფერი არ უნდათ. მათ დიდ გლობალურ საჭადრაკო დაფაზე საქართველო მხოლოდ პაიკია და ისიც შესაწირად გამზადებული პაიკი, რომ სხვა უფრო სტრატეგიულ მიზნებს მიაღწიონ. ამ პირობებში, ჩვენ ვისმენთ მუქარას, რომ საქართველო თუ არ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, დაუბრუნდება ბნელი90-იანების წლებს. ეს მუქარა ჩემი აზრით, ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სასოწარკვეთილებაში არიან ეს გლობალური ძალები იმის გამო, რომ საქართველოში 5 რევოლუციური მცდელობის წყალობითაც კი ვერ მოახერხეს ხელისუფლების შეცვლა. ვერ მოახერხეს პირდაპირი უცხოური ჩარევების წყალობით ქართველი მოსახლეობისთვის ეიძულებინათ ის არჩევანი გაეკეთებინა, რომელიც მათთვის იყო სასიამოვნო და მისაღები იმ მარიონეტული ხელისუფლების მოსაყვანად, რომელიც დღეს თუ ხვალ გარდაუვალად საქართველოს ჩართავდა ომში ან ისეთ საქმიანობაში, რომელიც საქართველოს ინტერესებს, ქართველი მოსახლეობის ინტერესებს არანაირად არ ემსახურება და პირდაპირ მიგვიყვანდა სწორედ იმ ბნელ 90-იანებამდე, რომლითაც დღეს ჩვენ ჰერჩინსკი გვაშინებს.

რომ გადავხედოთ ევროკავშირის მოთხოვნებს, რომლებიც განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული მათ ოფიციალურ დოკუმენტებში ჟღერდება, ძირითადად არის ორად ორი მოთხოვნა, რომელიც უცვლელად არის შემორჩენილი. პირველი ეს არის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „ოჯახური ღირებულებების“ კანონი, რაც პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ მათ უნდათ აწარმოონ თავიანთი პროპაგანდა, რომელიც ერის სულიერ ღირებულებით და ფასეულობრივ დეგრადაციას იწვევს.

ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ თურმე ჩვენ შეგვიწყვეტია ევროკავშირთან დაახლოების პროცესი. სინამდვილეში რა ხდება? - ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევრო დირექტივებს, რომელიც ასოცირების შეთანხმებაშია გაწერილი და თუ ვინმე არღვევს ასოცირების შეთანხმებას, ეს არის ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია, რომელიც არ ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებაში მითითებულ იმ ვალდებულებას, რომელიც მდგომარეობას ევროკავშირის მხარესთან დიალოგში. სწორედ ეს დიალოგი შეწყვიტა ევროკავშირმა. სხვა მეტი არაფერი ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით არ შეწყვეტილა. ისმის კითხვა რატომ შეწყვიტა? - იმიტომ ხომ არა რომ არ უნდათ იმ არგუმენტების და ფაქტების მოსმენა, რომლის მიხედვითაც ევროკომისიის დაკვეთით მომზადებული ანგარიშების მიხედვით საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ათეულზე მეტ ქვეყანას ისეთი პარამეტრებით როგორიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში