ევრობიუროკრატებმა საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო დამოკიდებულება უნდა შეცვალონ! - ჰერჩინსკის განცხადება ცალსახად თავხედურია, როდესაც იგი ქართველ ხალხს ემუქრება, რომ დავბრუნდებით ბნელ, სამოქალაქო ომის პერიოდში - სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამას, თუ არა თავხედურ განცხადებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საგარეო უწყებაში დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ევრობიუროკრატებმა უნდა შეცვალონ თავიანთი მიდგომები”.
„ევრობიუროკრატებმა საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო დამოკიდებულება უნდა შეცვალონ. სწორედ ამ უსამართლო დამოკიდებულების გამოძახილი არის ბატონი ჰერჩინსკის და ფიშერის ის თავხედური განცხადებები და ქცევები, რასაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ეწევიან. ჰერჩინსკის შემთხვევაში გულდასაწყვეტია, რომ თუ მანამდე იგი თავს ესხმოდა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში მან უკვე თავდასხმა დაიწყო მთლიანად სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე. ევრობიუროკრატებმა უნდა შეცვალონ თავიანთი მიდგომები - ან უნდა შეეგუონ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერ ანაცვლებენ ვერც არჩევნებით და ვერც რევოლუციის გზით, რომელიც რამდენჯერმე სცადეს, ან უნდა დაველოდოთ გამოფხიზლებას ევროპელ ხალხში, როგორც მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ზუსტად იმ მახინჯ იდეოლოგიაზე, რასაც ეს ევრობიუროკრატები ავრცელებენ; უარი თქვა იმ არალეგალურ, უკონტროლო მიგრაციაზე, რასაც ევრობიუროკრატები ახორციელებენ; უარი თქვეს იმ მანკიერ პოლიტიკაზე, რასაც ევრობიუროკრატები აწარმოებენ. შესაბამისად, ევროპელმა ხალხმაც უნდა მიბაძოს ამერიკელ ხალხს და ეს არარჩეული ბიუროკრატები უნდა შეიცვალოს და მმართველობაში უნდა მოვიდნენ ისეთი ბიუროკრატები, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება რეალურად ევროპული ღირებულებები და ფასეულობები.
ჰერჩინსკის განცხადება ცალსახად თავხედურია, როდესაც იგი ქართველ ხალხს ემუქრება, რომ დავბრუნდებით ბნელ, სამოქალაქო ომის პერიოდში. მე სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამას, თუ არა თავხედურ განცხადებას”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა 27 აპრილს გაიმართა.
პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე დაბარება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.
„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.