ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს - წაგიყვანოთ და 4,60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი? საქონლის და ღორის რბილ ხორცს, ნახევარ კილოგრამს, 10 ლარში გაყიდინებთ - ვებ-გვერდზე დევს ფასები, ვაკვირდები ხოლმე და იგივე ფასებია, რაც ერთი თვის წინ იყო

რა 85 თეთრი? წაგიყვანოთ და 4,60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი? მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ღორის რბილ ხორცს, ნახევარ კილოგრამს, 10 ლარში გაყიდინებთ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს მას შემდეგ, რაც მან გაძვირებულ ფასებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

უფრო კონკრეტულად კი, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ გაძვირდა პარლამენტში შექმნილი, ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პარალელურად ქვეყანაში ფასები, მათ შორის „გაიაფებული კვერცხის ფასიც კი“.

„გაძვირება ტყუილია, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში მომავალ კვირაში გვექნება და ამის შემდეგ, საბოლოო გეგმით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

მას ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როდის იყო ბოლოს ის ან მისი ოჯახის წევრი მაღაზიაში.

„ვაკვირდები ხოლმე, ვებ-გვერდზე დევს ფასები და რა ფასებიც იყო ერთი თვის წინ, იგივე ფასებია შენარჩუნებული, განსაკუთრებით, ძირითად პროდუქტებზე... კომპიუტერში ასახულია რეალური ფასები, რაც მაღაზიაში გვხვდება. რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი რა ღირდა და რა ღირს?“ - განაცხადა კობახიძემ, რაზეც მას ჟურნალისტმა უპასუხა, რომ კვერცხის ფასი 85 თეთრია.

„რა 85 თეთრი? წაგიყვანთ და 4,60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი?“ - უპასუხა პრემიერმა, რაზეც მას ჟურნალისტი კვლავ ჩაეკითხა, თუ იცოდა, ხორცი რა ღირდა.

„რა ღირს? მე გაყიდინებთ კონკრეტულ ფასში, რამდენშია თქვენ მითხარით და მე შეგისწორებთ. მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ღორის რბილ ხორცს ნახევარ კილოგრამს 10 ლარში გაყიდინებთ“, - განაცხადა კობახიძემ, რაზეც მას ჟურნალისტი კვლავ ჩაეკითხა, თუ სად ყიდულობს ის ამ პროდუქტებს.

„ნახევარ კილოგრამს გაყიდინებთ 10 ლარში - საქონლის რბილი ხორცი და ღორის რბილი ხორცი. 10 ლარად გაყიდინებთ, თქვენ თქვით 40. წაგიყვანთ მაღაზიაში, როგორც კი დასრულდება ჩაწერა, გაჩვენებთ ფასებს, მათ შორის, ვებ-გვერდზე“, - განაცხადა კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება