საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „ცირა ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება

29 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ცირა ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1624). ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსარჩელისთვის პრობლემურია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება იმდენად, რამდენადაც იგი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ნორმის განმარტებას არ უნდა ჰქონდეს სავალდებულო ძალა სხვა, მათ შორის, პირველი და სააპელაციო ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის.

“მოსამართლე ყოველი დავის გადაწყვეტისას უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ კანონით და კონსტიტუციით და არ უნდა შეიბოჭოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკით, რომელიც კანონს არ წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ეჭვქვეშ დადგება საქმის განმხილველი მოსამართლის დამოუკიდებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელის შემთხვევის მსგავსად, შესაძლოა, პირის მიმართ უკუქცევითი ძალით იქნეს გამოყენებული უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის დეტალურად გაცნობის, გასაჩივრების და რელევანტურობის ეჭვქვეშ დაყენების უფლება და შესაძლებლობა მიმდინარე საქმის მონაწილეებს არ გააჩნიათ.

გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მე-3 ნაწილში არსებულ ჩანაწერს და საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მოსარჩელის განცხადებით, მის მიმართ მიმდინარე წარმოების ფარგლებში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე უარის თქმით, მას წაერთვა საქმის განმხილველი მოსამართლეების აცილების შუამდგომლობის დაყენების უფლება ისევე, როგორც საქმეზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა