ლელა ჯეჯელავა - სინოდზე იყო პატარა ფანჯარა, რომ საქართველოს ბედი წაღმა შემოტრიალებულიყო, მაგრამ შესაძლებლობა ქვეყანას დააკარგინეს

დღევანდელ სინოდზე იყო შესაძლებლობის პატარა ფანჯარა, რომ ამ ქვეყნის ბედი წაღმა შემოტრიალებულიყო, მაგრამ ეს შესაძლებლობა ამ ქვეყანას დააკარგვინეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ სტუმრობისას, ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

ლელა ჯეჯელავას თქმით, საპატრიარქო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით „რაღაც განსაკუთრებული სიურპრიზის მოლოდინში“ აღარ არის.

მისივე თქმით, დღევანდელ წმინდა სინოდის სხდომაზე „ჩატარდა სპეცოპერაცია, საკმაოდ კარგად გათვლილი კომბინაციით“.

„არ ვიტყვი არავისთვის სიახლეს და არ ვიტყვი არავისთვის განსაკუთრებულს, რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკისათვის მართლმადიდებლობა გეოპოლიტიკური გავლენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომელსაც ის ყოველთვის აქტიურად იყენებდა და იყენებს. დღეს რეალურად სახეზე გვაქვს, ჩემის სუბიექტური აზრით, მშვენივრად შესრულებული სპეცოპერაცია, როდესაც თავისუფლად შეუძლიათ უპატაკონ ნარიშკინს, საგარეო დაზვერვის უფროსს, რომ იყავით მშვიდად, საქართველო კვლავ რუსეთისაა. ეს მივიღეთ იმ მონაცემებით, რაც გვაქვს“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ლელა ჯეჯელავას თქმით, იყო შანსი, რომ საქართველოში „მენტალური ოკუპაცია“ დასრულებულიყო, თუმცა დღეს ამის შანსი ხელიდან გავუშვით.

„იყო იმის შანსი, რომ ამ ქვეყნის ბედი წაღმა შემოტრიალებულიყო, სამწუხაროდ ამის შანსი ხელიდან გავუშვით. საქართველოში თუ მენტალური ოკუპაცია დასრულდებოდა, ეს იქნებოდა ყველაზე დიდი გამარჯვება.

ჩემთვის არცერთ სახელ და გვარს მნიშვნელობა არ აქვს გარდა იმისა, რომ ნარიშკინის მიერ დაწუნებული მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი დიდი ხანია განათლების სფეროს კურირებს საპატრიარქოშიც და თავის ეპარქიაშიც ეს ძალიან კარგად აქვს მოგვარებული, მან ერთ-ერთი გამორჩეული თეოლოგიური უნივერსიტეტი გააკეთა, მას ძალიან კარგი კავშირები აქვს მართლმადიდებლური სამაყროს თეოლოგიურ წრეებთან, მუდმივად დიალოგსა და კონსულტაციებშია. მიმაჩნია, რომ განათლების პრობლემაა ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით განათლებაში“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ინფორმაციისთვის, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში