თაზო დათუნაშვილი - კობახიძის განცხადება მოსახლეობის შეურაცხყოფაა - აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბოლო წლებში, ალბათ, ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი

ირაკლი კობახიძე უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ბაზარში და არც მაღაზიაში, ალბათ, ნამყოფი არ არის. ის რომ მაღაზიებში ნამყოფი იყოს, ამ უტიფარი ტყუილით არ დაკავდებოდა, -ასე შეაფასა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა სურსათის გაიაფებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს „საქონლის და ღორის რბილი ხორცი, ნახევარ კილოგრამი, 10 ლარი ღირს“, არის ტყუილი და მოსახლეობის დაცინვა.

„გუშინ ირაკლი კობახიძემ გააგრძელა ფასების ჩავარდნილი კამპანიის მორიგი ტყუილებით გადარჩენის მცდელობა. მართლაც ადამიანური უტიფრობის ყველა ზღვარი მოხსნილია, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა კაცმა გადაწყვიტა, რომ 500 გრამი ხორცის ფასი შეიძლება ქართულ მაღაზიებში 10 ლარი იყოს და აყიდვინებდა ჟურნალისტებს, ხოლო 10 კვერცხის ფასი 4 ლარი და 60 თეთრი. აქამდე ქართულმა საზოგადოებამ იცოდა, რომ ირაკლი კობახიძე არ იყო ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან, რომ ირაკლი კობახიძე იყო გაყიდვების ბიჭუნა კონკრეტული დეველოპერული კომპანიისთვის, ახლა დაემატა თურმე საქართველოში ფასების აბსოლუტური უცოდინარობა და ის, რომ ირაკლი კობახიძე უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ბაზარში და არც მაღაზიაში ალბათ, ნამყოფი არ არის. ის, რომ მაღაზიებში ნამყოფი იყოს, ამ უტიფარი ტყუილით არ დაკავდებოდა. არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეების ასე გაბაიბურება. 500 გრამი საქონლის ხორცი ყველაზე მინიმალური ღირებულება არის არა 10 ლარი, არამედ 15 ლარი. საქართველოში ადამიანი არ მეგულება, ხორცის ფასს ნახევარ კილოობით ითვლიდეს. აქაც „ტყუილის მოკლე ფეხი“ ნათლად ჩანს. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეამოწმოთ მარკეტებში ფასი“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი თქმით, ნახევარი კილო ხორცი ერთი ოჯახის ერთი სადილიც კი ვერ იქნება, რადგან არავის ჰყოფნის. გარდა ამისა, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ასევე არ გაიაფებულა საქართველოში კვერცხის ფასი, რაზეც ხელისუფლება საუბრობს.

„ქართული ოცნების“ ამ კომისიის სიმბოლო გახდა კვერცხის ფასი. კვერცხით მსჯელობენ საქართველოს მოსახლეობის მომავალზე და გამოკვების ხარისხზე. კვერცხის ფასი 5.5%-ით იყო გაზრდილი, შემდეგ მწარმოებლებმა 5%-ით შეამცირეს. სინამდვილეში, არაფერი გაიაფებულა, 1-ელი იანვრის ნიშნულს დაუბრუნდა კვერცხის ფასი. სააღდგომოდ ყველამ კარგად ვიცით, რა ღირდა კვერცხი ბაზარში. ამასთანავე, წინასწარ არის ცნობილი, რომ ელექტროენერგიის გადასახადი გაზრდილია, საწვავის ფასი უკვე 4 ლარს გადასცდა და ზუსტად ვიცით, რომ ფასები მოიმატებს. ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს მოსახლეობის უკიდურესი შეურაცხყოფაა. მოსახლეობის, რომელიც ყოველდღიურად ლუკმა-პურისთვის იბრძვის. უკიდეგანო შეურაცხყოფა არის, ფასებით მანიპულირება მოახდინო და იმ ფასებზე ილაპარაკო, რომელიც კონკრეტულ სუპერმარკეტებში, კონკრეტულ დღეებში ფასდაკლებაზე ფაქტობრივად, ჩამოწერილ პროდუქციაზე აქვთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს ეუბნება, რომ ისეთი ხორცი უნდა ჭამონ, რომელსაც 2 დღეში ვადა გაუვა“,- განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი განმარტებით, ტყუილების ნაცვლად, ირაკლი კობახიძე უნდა საუბრობდეს გაზრდილ ფასებზე და ხელისუფლების რეალურ გეგმაზე, როგორ შეამცირებდა ფასებს.

„ეს არის ის რიცხვები, რითაც სერიოზული ადამიანი, ვინც პრემიერ-მინისტრის პოზიციას იკავებს, უნდა ელაპარაკებოდეს თავის მოქალაქეებს და არა სამარცხვინო, პროპაგანდისტულ ტყუილებზე, რომელიც მარია ანტუანეტას პოზაში წარმოაჩენს. მარია ანტუანეტა ლამაზი ქალი მაინც იყო, პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცისგან განსხვავებით“,-განაცხადა დათუნაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად