ქვეყნისთვის სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ, ბოროტება ბევრი გააკეთეს. შესაბამისად, საზოგადოებამდე მისასვლელი პირი მათ ბუნებრივია, არ აქვთ, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციურ ალიანსში“ შექმნილი ვითარება. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, მათ შორის არც ხალხთან ურთიერთობის.
„რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით ყველა ინიციატივა ასე გაგრძელდა და შესაბამისად, დასრულდა. ამ შემთხვევაშიც, ხედავთ, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, მათ შორის არ აქვთ ხალხთან ურთიერთობის რესურსი. ეს არის საერთო მდგომარეობა, რაც რადიკალურ ოპოზიციაში არის შექმნილი. თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი იმ 9 წლიანი წარსულით, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჰქონდათ და იმ ოპოზიციური წარსულით, რომელიც გასული 14 წლის განმავლობაში აქვთ შექმნილი. თვითონვე მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ, ბოროტება ბევრი გააკეთეს. შესაბამისად, საზოგადოებამდე მისასვლელი პირი მათ ბუნებრივია, არ აქვთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს: „პატრიარქი მოკვდა, გაუმარჯოს ეგზარქოსს“. კობახიძის განცხადებით, როდესაც უპირისპირდები შენი ქვეყნის იდენტობასთან და დედა ეკლესიას, პოლიტიკურად წარმატება ვეღარ ექნება.
„როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები, მათ შორის შენს დედა ეკლესიას, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება. ეს აჩვენებს ამ ადამიანების და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახეს.
თქვენ გახსოვთ, რომ ესენი არ იყვნენ მხოლოდ ერთეული პოლიტიკოსები, ეს იყო მთელი სპექტრი, პარტიული სპექტრი, მედია და NGO-ები, ყველა ერთად იყვნენ ჩართული ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაში.
ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს კამპანია შეგვენელებინა და შეგვეჩერებინა. მთელი კონტრ-კამპანია დაგვჭირდა ამისთვის. საბოლოდ, მივაღწიეთ მიზანს, მაგრამ ეს ურთულესი ამოცანა იყო.
მათი უცხოელი მეგობრები კარნახობდნენ ასეთი კამპანიის წარმართვას. ახლა ცდილობენ ასეთი კამპანია წამოიწყონ და ასეთი განცხადებებით გამოდიან. რა თქმა უნდა, ამასაც ვერ ექნება წარმატება, ბუნებრივია, ჩვენი ეკლესია იქნება ძლიერი როგორც აქამდე იყო. იგივე შემიძლია ვთქვა ქართულ სახელმწიფოზე. როგორც არ უნდა სცადოს რადიალურმა ოპოზიციამ, ქართული სახელმწიფო მომავალშიც მტკიცე და ძლიერი იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.