თავისი არსით, გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური გაერთიანება - სარჩელით მივმართეთ [საკონსტიტუციო სასამართლოს] და ჩვენი ნება არის ასახული სარჩელში. ჩვენი სურვილია, რომ ამ ოთხი, რადიკალური არაკონსტიტუციური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, „რეალურად, თუ აიკრძალება რადიკალური პოლიტიკური პარტიები, გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებისთვის“.
შესაბამისად, მისივე თქმით, 2028 წელს უნდა მიიღოს მონაწილეობა ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა.
„ეს არის ჩვენი ამოცანა, ამისთვის მივმართეთ ჩვენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. არ შეიძლება მუდმივად ამ ჩაკეტილ წრეზე ტრიალებდეს ჩვენი ქვეყანა, როდესაც ერთ მხარეს არის მმართველი პარტია და მეორე მხარეს არის რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ოპოზიცია და ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს. ამას ჩვენ არ გადავწყვეტთ, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს. ჩვენი გადასაწყვეტია სარჩელის შეტანა, რაც შეეხება (ასაკრძალი პარტიების) ამომრჩეველს, თავის დროზე, გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიასაც ჰყავდა ძალიან ფართოდ წარმოდგენილი ამომრჩეველი, მაგრამ თავისი შინაარსით იყო არაკონსტიტუციური პარტია, რომელმაც თავის დროზე გერმანიას უმძიმესი შედეგები მოუტანა. მასაც ჰყავდა თავისი ამომრჩეველი ბევრად მეტი, პროცენტულად მათ შორის, ვიდრე ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში. უკიდურესად რელევანტური შედარებაა, თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც თავისი შინაარსით არის ბოლშევიკური, ფაშისტურ-ბოლშევიკური გაერთიანება და ეს მათ დაამტკიცეს 9 წლის განმავლობაში, როდესაც ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ძირითადი უფლებები, ღირსება, ადამიანებს აწამებდნენ, ბიზნესის რეკეტი იყო მათი ხელწერა, ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანება და ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანებისთვის ჯანსაღ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ადგილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი მოსაზრებით, არგუმენტი არის შემდეგი - თუ პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, ის უნდა აიკრძალოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. კობახიძის თქმით, შესაბამისი სარჩელით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა სასამართლოს. ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელში უამრავი არგუმენტი არის წარმოდგენილი.
„უამრავი სხვა არგუმენტიც არის, მათ შორის ადამიანის წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ამით გამოირჩეოდნენ ისინი 9 წლის განმავლობაში. როდესაც ოპოზიციაში მოღვაწეობდნენ ისინი მუდმივად იყვნენ დაკავებულები ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟით. ეს არის არგუმენტები,რომელიც სარჩელში არის წარმოდგენილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.