შალვა პაპუაშვილი - გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი - არავის ხელწამოსაკრავი არ ვართ ქართველები, მით უმეტეს, გერმანიის მთავრობის, თუ ეს არის გზა, რასაც ისინი დაადგნენ, ამას სათანადო პასუხი სჭირდება

გერმანიის მთავრობა თავისი ქცევით აჩვენებს, რომ ის არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას - გერმანიას ჯერ აქვს შესაძლებლობა, გვაჩვენოს, ის არის დემოკრატიის ერთგული, თუ უბრუნდება თავის ბნელ წარსულს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანია დღეს გამოდის საქართველოს დამოუკიდებლობის ხელმყოფად და მეორე მხრივ ქართველი ხალხის ღირსების შემლახავად.

პაპუაშვილის განცხადებით, გერმანიის მთავრობა ქართველ ხალხს უყურებს როგორც მეორე კატეგორიის ხალხს, რომელსაც უნარი, უფლება არ აქვს, თავად განსაზღვროს, ვინ არის მისი ხელისუფლება.

პარლამენტის თავმჯდომარე აქვე აღნიშნავს, რომ „აქ სულელი არავინაა“ და „ქართველები გერმანიის მთავრობის ხელწამოსაკრავი არ ვართ“.

„ამ იწილო-ბიწილოს თამაშს უნდა შეეშვას ყველა. გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. გერმანიის მთავრობა არ აღიარებს საქართველოს, ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. ეს არის ფაქტი. არ აღიარებს ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, არ აღიარებს ქართველი ხალხის უფლებას დემოკრატიაზე, რომ იყოს განმსაზღვრელი თავად ხელისუფლებისა. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ გერმანია, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე იყო ერთ-ერთი გვერდში მდგომი საქართველოს დამოუკიდებლობისა, დღეს გამოდის საქართველოს დამოუკიდებლობის ხელმყოფად და მეორე მხრივ ქართველი ხალხის ღირსების შემლახავად. ეს ნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობა ქართველ ხალხს უყურებს როგორც მეორე კატეგორიის ხალხს, რომელსაც უნარი, უფლება არ აქვს, თავად განსაზღვროს, ვინ არის მისი ხელისუფლება. ეს უნდა განსაზღვროს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდმა - ვინ არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი სირცხვილი და ჯერ გერმანიას აქვს შესაძლებლობა, რომ გვაჩვენოს, ის არის დემოკრატიის ერთგული და არის დემოკრატიული ევროპის ერთგული და უბრუნდება თავის ბნელ წარსულს იმით, რომ არ აღირებს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, სხვა ხალების სუვერენიტეტს, სხვა ხალხების ღირსებას, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი და ხელისუფლება.

კარგია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ თვე, რუტინულად ნოტა გაეგზავნოს გერმანიის მთავრობას ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქ არავის ხელწამოსაკრავი ხალხი ქართველები არ ვართ, მით უმეტეს, არც გერმანიის მთავრობის ხელწამოსაკრავი ქართველები არ ვართ. თუკი ეს არის გზა, რომელსაც დაადგა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა ამას სჭირდება სათანადო პასუხი, იმიტომ რომ არ შევეგუოთ ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფას.

ჩვენ წლებია გვიწევს რუსეთთან ამ მხრივ პოლიტიკური თუ სხვა სახის ჭიდილი საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებასთან დაკავშირებით. დღეს რუსეთი არის, ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე და გამოდის, რომ ახლა უკვე დაემატა გერმანიის მთავრობა, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. ვინც საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, ის უნდა შეეგუოს, რომ იქნება იმ კუთხეში, სადაც არიან ის პოლიტიკური ჯგუფები, თუ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფენ. ეს არის მკაფიო მაგალითი საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა. აქ სულელი არავინაა. გერმანიის მთავრობა ამ თავისი ქცევით აჩვენებს, რომ ის არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. არა მხოლოდ მის ნაწილზე, არამედ მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გამო აკრიტიკებს, რომ უწყების ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში