ქეთევან ბაკარაძე მიხეილ სარჯველაძეს - თქვენ არ ხართ უბრალოდ წარუმატებელი მინისტრი, თქვენ ხართ სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი - „ოცნების“ პოპულარული ფრაზაა: „ეკონომიკა თვიდან-თვემდე იზრდება“! რად გვინდა ფული, თუ ბავშვების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ?

გულწრფელად ვწუხვარ, რომ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში თქვენს ახსნა-განმარტებებს უნდა მოვუსმინოთ - დღეს ტრიბუნიდან მოგიწევთ ესაუბროთ მშობლებს, რომლებიც წესით, თქვენივე ძალისხმევით, თქვენს კაბინეტში უნდა განიხილავდნენ საკუთარი შვილების გადარჩენის გზებს, მათ ზრუნვაში ატარებდნენ დროს - იმიტომ, რომ გადაწყვეტილებების მიღების გამბედაობა არ გყოფნით, ისინი კანცელარიის ცივ კედლებთან ათენებენ ღამეებს, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დაბარებულ ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ.

პლენარული სხდომა ბაკარაძის გამოსვლით დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები არ ითხოვენ ხელფასისა ან პენსიის მომატებას, ისინი შვილების გადარჩენას ითხოვს.

“ყველაზე ტრაგიკული ამ ამბავში ის არის, რომ ამ ადამიანებს კაბინეტებიდან და ბრიფინგებიდან ელაპარაკებით. თქვენს მიერ დასახელებული თანხის მოცულობა - 102 მილიონი დოლარი წელიწადში ბევრია ამ ბავშვების სიცოცხლისთვის?

არ დაგავიწყდეთ თქვენ ხართ გუნდი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მორალური უფლება ისაუბროს ფინანსებზე, მაშინ როცა ყოფილი ჩინოვნიკების სახლებში ოქროს ზოდებს და მილიონებს ვპოულობთ, როცა ნახევარი მილიარდი ლარის გადასახადს არ იხდის თქვენი საპატიო თავმჯდომარე, როცა ხალხის ბიუჯეტიდან 800-მილიონ ლარამდე მხოლოდ ჩინოვნიკების ავტომანქანების შეძენას დაახარჯეთ.

შეგახსენებთ, რომ თქვენმა პარტიამ 2025 წლის ბიუჯეტიდან 600 მილიონი ლარი ვერ აითვისა. შეგახსენებთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე ტარიფები გაქვთ გაზრდილი. შეგახსენებთ თქვენს პოპულარულ ფრაზას - ეკონომიკა თვიდან-თვემდე იზრდება! და რად გვინდა ეს ფული, თუ ბავშვების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ? რაში იხარჯება ეს ფული? მიმოიხედეთ თქვენს ირგვლივ, რამდენი მილიონერი დეპუტატი, მთავრობის წევრი, მერი თუ მინისტრია და პასუხიც ნათელი იქნება.

თქვენივე კოლეგების, უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ბიუჯეტიდან მოპარული წარმოუდგენლად დიდი ოდენობის მილიონები პირდაპირ ნიშნავს ადამიანებისთვის წართმეულ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას!

ზამირ კვეკვესკირი - გეცნობათ ეს სახელი და გვარი? ოჩამჩირიდან დევნილმა, 44 წლის ზამირ კვეკვესკირმა, დევნილთა სააგენტოსთან პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. მარტო ეს ფაქტი უნდა ყოფილიყო საკმარისი, რომ თქვენ თანამდებობა დაგეტოვებინათ.

თქვენი რეფორმირებული ნარკოპოლიტიკა? - გადახედეთ ბოლო პერიოდის სტატისტიკას? რამდენი ახალგაზრდა გვეღუპება ქვეყანაში ნარკოტიკებისგან?

2025 წელს საქართველოში დაახლოებით 38 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 44 ათას ადამიანს მიაღწია. გესმით, რომ ეს დემოგრაფიული კატასტროფაა?

იცით, რამდენია იმ ოჯახების რიცხვი, რომლებსაც სამშობლოს დატოვება მოუწიათ, რადგან ოჯახის წევრი ონკოპაციენტი ჰყავს, რადგან საკუთარ ქვეყანაში სამკურნალოდ ფული არ აქვს?

იგივე რეალობის წინაშე დგანან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და ის მოქალაქეები, რომლებიც არც ერთ მიზნობრივ პროგრამაში არ ხვდებიან და არც კერძო დაზღვევის ფუფუნება აქვთ.

დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ავად გახდომა განაჩენია, რადგან გაზრდილი ფასების ფონზე ვერც მედიკამენტებს ყიდულობენ, ხშირ შემთხვევაში ექიმი ან ადგილზე არ ჰყავთ, ან იმდენად ძვირია სამედიცინო მომსახურების ტარიფი, რომ ვიზიტისგან თავს იკავებენ. ამ დროს კი, სამწუხაროდ სახელმწიფო არ დგას ხალხის გვერდში.

ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მოწყალების სააგენტო - ის არის სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ვალდებულია იზრუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და მათ სოციალურ გარანტიებზე. არც ამ სამინისტროს ბიუჯეტი არ არის თქვენი პირადი ქონებრივი საკუთრება, ეს საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც მათსავე კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ ყველაზე მთავარი - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა!

თქვენ არ ხართ უბრალოდ წარუმატებელი მინისტრი. თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი. იმედია, დღეს მაინც შეიკავებთ თავს პროპაგანდისტული მესიჯბოქსებისგან და ამომწურავ პასუხს ერთ მთავარ კითხვაზე მაინც გაგვცემთ - რატომ ვერ იცავს სახელმწიფო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ეს ყველაზე მეტად საჭირდებათ? გაითვალისწინეთ, დღეს თქვენ გიყურებენ ბავშვები, რომლის მშობლებიც უკვე მერამდენე ღამეა ქუჩაში ათენებენ“, - მიმართა მიხეილ სარჯველაძეს ქეთევან ბაკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში