მინდა, ვუთხრა ყველას ევროკავშირშიც, ბრიუსელში და მათ სატელიტებს საქართველოში, რომ ევროინტეგრაციის უკრაინული და მოლდოვური გზა არ არის ქართული გზა, საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობა არ არის თვითმიზანი იმ შემთხვევაში, „თუ ამის გამო მოგვიწევს, დავთმოთ ტერიტორიები, სუვერენიტეტი და იდენტობა“.
„გუშინ ვნახეთ გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადება. მან თქვა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების წინსვლისთვის სავარაუდოდ დასჭირდება ტერიტორიების დათმობა. ასევე ვიხილეთ მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც კვლავ გაიმეორა, რომ მოლდოვის სახელმწიფოს გაუქმება და რუმინეთის ნაწილად გადაქცევა არის ყველაზე ოპტიმალური გზა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
მერცის განცხადების შემთხვევაში იგულისხმება, რომ უკრაინას თუ უნდა წევრობა, ტერიტორიებზე საკუთარი იურისდიქცია, სუვერენიტეტი უნდა დათმოს. მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოლდოვას ევროკავშირში წევრობა თუ უნდა, არათუ სახელმწიფოს სუვერენიტეტი უნდა დათმოს, არამედ სახელმწიფო გააუქმოს.
როდესაც მაგალითად გვიყენებენ ხოლმე უკრაინას და მოლდოვას, მინდა, ვუთხრა ყველას ევროკავშირშიც, ბრიუსელში და მათ სატელიტებს საქართველოში, რომ ევროინტეგრაციის უკრაინული და მოლდოვური გზა არ არის ქართული გზა, საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას.
ზუსტად ეს ნიშნავს, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს თვითმიზანი. ეს არის თვითმიზნობის შედეგი.
თუ ევროკავშირში წევრობა არის თვითმიზანი, ეს ნიშნავს, რომ უნდა გაწირო შენი ტერიტორიული სუვერენიტეტი, სახელმწიფოს სუვერენიტეტი. სწორედ ამ გაგებით, ევროკავშირის წევრობა არ არის ჩვენი თვითმიზანი, თუ ამის გამო მოგვიწევს, დავთმოთ ტერიტორიები, სუვერენიტეტი, იდენტობა, უფლება, ჩვენ განვსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკა, რასაც უკრაინასა და მოლდოვას, როგორც პირობას, უყენებენ ბრიუსელიდან და თავადაც აღიარებენ, რომ ეს პირობები არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა კითხვას, როგორ შეაფასებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ „ევროკავშირი 6 ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია“.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაჩენი გამოუტანა ევროკავშირს, ევროკავშირის დემოკრატიას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს იმ სახით, რომელსაც ცდილობენ, რომ რეკლამაში წარმოგვიდგინონ. სინამდვილეში, ევროკავშირში, ევროკომისიის, თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების ორგანიზებით ხდება სისტემური და სისტემატური ჩარევა არჩევნებში. მაგალითები შესწავლილია. ეს არის განაჩენი ბრიუსელის წინააღმდეგ, რომ ნებისმიერი მათი საუბარი დემოკრატიულ არჩევნებზე არის ლიტონი სიტყვები. ეს მაგალითი ვნახეთ საქართველოში. აქ ისიც ვნახეთ, რომ ევროკავშირის ელჩიც კი პირადად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ვნახეთ დაფინანსებები. შეგახსენებთ, დანიის დაფინანსებას. საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა და შეხვედრებს ერთ-ერთო „ენჯეოს“ გავლით. სანამ დანიაში არ ავტეხეთ სკანდალი, დანიური მედია არ დაინტერესდა ამ ამბით, დანიის ელჩს ვერ გავაცემინეთ კითხვაზე პასუხი, რასთან გვქონდა საქმე. ემალებოდა ქართულ საზოგადოებას. ფულს ჩემოდნებით არიგებდნენ, რათა არჩევნებზე გავლენა მოეხდინათ. საბოლოოდ, ვინაიდან დანიაში ატყდა სკანდალი მედიაში, მოუწიათ ამ პროექტის გაუქმება და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს „ენჯეო“ გადაბარგდა „ლელოში“. ამას დღისით, მზისით გვიკეთებენ, ადამიანები, რომლებიც თავს ევროპელებს ეძახიან და სინამდვილეში მხოლოდ პასპორტი აქვთ ევროპული. სინამდვილეში არიან 100 წლის წინანდელი ევროპის წარმომადგენლები, თანამედროვე ევროპასთან ასეთ ქცევას კავშირი არ აქვს“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.