მათ გასაგონად ვამბობ, ვინც პაციენტებს ვგულშემატკივრობთ და არა მათთვის, ვინც ამ თემით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს, პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, არამედ ბავშვს უშველის სწორი და რეალური წამალი,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტზე ისაუბრა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, მას არცერთი მშობლისთვის არ უთქვამს, რომ თუ 5 წელზე ნაკლები სიცოცხლე აქვს ვინმეს დარჩენილი, მას წამალი არ ეკუთვნის.
„ამ დღეების განმავლობაში ბევრი არასწორი ინფორმაცია და ინტერპრეტაცია გავრცელდა. უნდა გამოვიყენო ეს ტრიბუნაც და უნდა ვცადო, პარლამენტსა და საზოგადოებას ვუთხრა სიმართლე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ, მიუხედავად იმისა ეს სიმართლე მწარეა თუ როგორია, ეს აუცილებლად სიმართლე უნდა იყოს. ისეთ განცხადებებზე ბევრს არ ვისაუბრებ, თითქოს რომელიმე მშობლისთვის მითქვამს, რომ თუ 5 წელზე ნაკლებნი სიცოცხლე აქვს ვინმეს დარჩენილი, მას წამალი არ ეკუთვნის. მსგავსი რამ არასდროს გვითქვამს არც მე და არც ჩემს რომელიმე თანამშრომელს შეხვედრებისას, ეს არც გვიფიქრია და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ეს არის უბრალოდ ტყუილი. მეტს აქ ვერაფერს დავამატებ. იგივე ითქმის იმასთან დაკავშირებითაც, თითქოს მხოლოდ ფასებთან დაკავშირებით ვსაუბრობდით მშობლებთან შეხვედრების დროს. არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. საგანგებოდ უნდა განვაცხადო- ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება. თუმცა, მარკეტინგულ მაღალ ინტერესს კი ნამდვილად განაპირობებს მათთვის, ვინც ამაზე ხელის მოთბობას ცდილობს. დიახ, როდესაც ათეულობით და ასეულობით მილიონი ლარზეა საუბარი, ეს მარკეტინგის აგრესიულობაზეც აისახება“,-განაცხადა სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასევე არასწორი ინტერპრეტაციები ისმის იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია, რომ ეძებენ მხოლოდ გადარჩენის უნარის მქონე მედიკამენტებს და სხვას თითქოს აზრი არ აქვს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, „ამორალურია არასწორი მოლოდინების შექმნა სასოწარკვეთილი მშობებისთვის“.
„ნამდვილად, როდესაც ადამიანმა იცის, რაზეც საუბრობს, იცის, რა ნაკლოვანებებზეა საუბარი და მაინც ხდება არასწორი მოლოდინების შექმნა, დიახ, ეს არის ამორალური. შეგნებულად ტყუის ის, ვინც აქედან აკეთებს დასკვნას, რომ თითქოსდა ეტლის საჭიროების გადავადებას არასაკმარის მიზეზად არ მივიჩნევთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გაუმჯობესება, რომელსაც მოიტანს მედიკამენტი, მათ შორის ეტლის საჭიროების გახანგრძლივებაც. უბრალოდ საჭიროა, რომ ეს შედეგი მართლაც მოჰქონდეს მედიკამენტს და არ ქმნიდეს სასიცოცხლო საფრთხეებს და არ ბადებდეს არასწორ შთაბეჭდილებებს. მათ გასაგონად ვამბობ, ვინც პაციენტებს ვგულშემატკივრობთ და არა მათთვის, ვინც ამ თემით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს, პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, არამედ ბავშვს უშველის სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხი არის ის, რამდენად არის ეს ის წამალი, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების შექმნის გარეშე“,-განაცხადა სარჯველაძემ.