26 მაისს უნდა ვიყოთ ბევრნი არა იმიტომ, რომ რაღაც ვითამაშოთ, არამედ ბიძინა ივანიშვილს დავანახოთ, რომ ჩვენ არ შევურიგდებით იმას, რომ გააძვირონ პროდუქტები და ხელფასები გაიზარდონ თვითონ - ალიანსის თითოეული წევრის სამუშაო გეგმა და წესები სწორედ იმის გამოა დაწერილი, რომ მეტი ერთიანობა და მეტი აქცენტი იყოს მტერზე და მე მტერს ვიწოდებ ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ ის რუსეთის წარმომადგენელია საქართველოში, - ამის შესახებ ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთმა წევრმა, ვანო წერეთელმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა.
მან ისაუბრა ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ კვერცხის შეძენა 4,60 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ნახევარი კილო ღორის და საქონლის რბილი ხორცი 10 ლარი ღირს. ვანო წერეთლის თქმით, კობახიძე ამ განცხადებით საქართველოს მოსახლეობას დასცინოდა.
„დასცინოდა ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობას, ხორცი 10 ლარი რომც ღირდეს, ამის შესაძლებლობაც კი არ აქვს. მეორე მხრივ, მან არ იცის განსხვავება ღორის ხორცსა და საქონლის ხორცს შორის. შეიძლება აქ რაღაც ოჯახურ ბუღალტერიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ე.წ. ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ იმ მდგომარეობამდე მიიყვანა მოსახლეობა, რომ კვერცხის 5 თეთრიან სხვაობასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ოჯახისთვის. ეს რეჟიმი არის არალეგიტიმური იმიტომ, რომ მას არ აინტერესებს არაფერი, არც საკუთარი მდგომარეობა. ერთადერთი, რაც მათ ადარდებთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელშეუხებლობა და დაცულობა.
ისინი ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილს და სხვა ყველა საქმე მეორე ხარისხოვანია. დარწმუნებული ვარ, კარგად მცხოვრებ კობახიძეს, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ხელფასი, საერთოდ არ აინტერესებს და არ დარდობს იმაზე, რა, რა ღირს. ეს იყო მართლა დამცინავი ტონი. მას ჰგონია, რომ ამით კითხვის დამსმელს მიმართა, არადა ძალიან კარგად იცის, ვისაც მიმართა. ყოველდღიურად იზრდება ქვეყნიდან წამსვლელთა რიცხვი, ოჯახის წევრებით მიდიან ადამიანები იმიტომ, რომ აღარ არის შანსი აქ უკეთესი ცხოვრების, ეკონომიკური სიდუხჭირის დაძლევის. ამას არ სჭირდება არც ბუღალტერია და ეკონომიკა - მაცივარი არის ყველაფრის მაჩვენებელი. ის ადამიანებს ეუბნება, წამოდით, მე თქვენ იაფად გაყიდვინებთო.სად უნდა აყიდინოს? მე მომხრე ვარ იმისა, რომ ძალიან დიდი აქცია მოეწყოს და წავიდეთ და ვიყიდოთ, სად ყიდულობს ეს ადამიანი? ამ ყველაფერს ფარდა აუცილებლად უნდა აეხადოს“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.
მისი თქმით, ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობას ისე დაასრულებს, რომ ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლება.
„ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო და უფრო უარესს, ამიტომ ვამბობთ, რომ მეგობრებო, ბრაზი უნდა გადაიზარდოს ძალაში. 26 მაისს უნდა ვიყოთ ბევრნი არა იმიტომ, რომ რაღაც ვითამაშოთ, არამედ ბიძინა ივანიშვილს დავანახოთ, რომ ჩვენ არ შევურიგდებით იმას, რომ გააძვირონ პროდუქტები და ხელფასები გაიზარდონ თვითონ, აკეთონ „შავი ფული“, რომლის საფუძველზეც 10 ლარი იქნება ხორცი, 100 თუ 250, არ გაუჭირდებათ ყიდვა. ჩვეულებრივ ხალხს თუნდაც იმ 10-ლარიანი ხორცის ყიდვაც კი არ შეუძლია“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.
რაც შეეხება „ოპოზიციურ ალიანსს“, როგორც ვანო წერეთელმა აღნიშნა, საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც გამოკვეთილი ლიდერების გარეშე საზოგადოების მობილიზება უნდა მოახერხოს ძალიან ჭრელმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, რომელმაც თავი მოიყარა ალიანსში და ასევე იმ ხალხმაც კი, ვინც დარჩა ამ ალიანსის გარეშე.
„ალიანსის თითოეული წევრის სამუშაო გეგმა და წესებიც სწორედ იმის გამოა დაწერილი, რომ მეტი ერთიანობა და მეტი აქცენტი იყოს მტერზე და მე მტერს ვიწოდებ ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ ის რუსეთის წარმომადგენელია საქართველოში, ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი. ამიტომ ამ მტერთან წინააღმდეგობაში მეტი დრო უნდა იხარჯებოდეს. რთულია ასეთი ჭრელი პარტიების გაერთიანება, თუმცა, რაც მნიშვნელოვანია, არ გაწყვეტილა ყოველდღიური ურთიერთობა. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.
მისი თქმით, 26 მაისს ბევრი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა თავად ალიანსის ერთობის კიდევ უფრო გამყარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.