მიხეილ სარჯველაძე - ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია მდგომარეობას, რომ საქართველოში, ქართველ ექიმებს არავინ ენდობა, არ ეცადოთ ამის გაკეთებას - ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ, ისედაც არ გაკლიათ

ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია მდგომარეობას, რომ საქართველოში, ქართველ ექიმებს არავინ ენდობა, არ ეცადოთ ამის გაკეთებას. ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ, ისედაც არ გაკლიათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ონკოპაციენტების საჭიროებისთვის 400 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„რაც არ უნდა ეცადონ ჩვენი ოპონენტები იმის ჩვენებას, თითქოს პაციენტს ჯიბიდან მეტის გადახდა უწევს, ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ფაქტები. პირველი, 2025 წელს ონკოლოგიურ პაციენტებზე სახელმწიფოს მიერ დაიხარჯა იმდენი, რამდენიც არასდროს დახარჯულა საქართველოში. აქვე ვიტყვი, რომ გვაქვს გაუმჯობესებული მაჩვენებელი ონკოლოგიის მართვის წარმატებულობის და ეფექტიანობის მიმართულებით. აქ არის მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესების მომავალი პერსპექტივაც და ამ დრომდე მიღწეული წარმატებებიც. მეორე, ე.წ. ჯიბიდან გადახდები საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან ონკოლოგიური სერვისების დაფინანსების ზრდის ფონზე, რადიკალურად არის შემცირებული. კერძოდ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ონკოლოგიაზე ე.წ. ჯიბიდან გადახდები არის განახევრებული. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს ონკოლოგიური დაავადების მართვისთვის სერვისი მიეწოდა 38 627 ბენეფიციარს. ეს თემა ეხება უცხოეთში წასვლის სურვილის მქონე პაციენტებს, საკმაოდ ბევრს აქვს ასეთი სურვილი, რომ მკურნალობა უცხოეთში ჩაიტაროს. 38 627 ბენეფიციარიდან, ვინც წლის განმავლობაში ონკოლოგიურ სერვისებს იღებს, ქიმიო და ჰორმონოთერაპიის სერვისით სულ ისარგებლა 31 ათას 200-მა ბენეფიციარმა. პროგრამული მედიკამენტებით ისარგებლა დაახლოებით 27 ათასმა პაციენტმა, სხივური თერაპიით 6 400-მა. „დიარჯის“ ფარგლებში ოპერაციები ჩაუტარდა და სტაციონარული სერვისი გაეწია დაახლოებით 8 ათას პაციენტს. პაციენტების ნაწილს კი რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებიდანაც აუნაზღაურდათ საჭიროებები. 38 ათასი პაციენტიდან დიდი ნაწილი საქართველოშიც იღებს სერვისს და პარალელურად, 5 800 ადამიანია, ვისაც სხვა მიმართულებით აქვს მოთხოვნა წამოყენებული. ჯამში, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ონკოპაციენტების საჭიროებისთვის 400 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან გამომდინარე, მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია მდგომარეობას, რომ საქართველოში, ქართველ ექიმებს არავინ ენდობა, არ ეცადოთ ამის გაკეთებას. ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ, ისედაც არ გაკლიათ. ინტერპრეტაცია ის არის ზუსტად, რომ თქვენ ხელს უწყობთ აზრის კულტივირებას. საუბრობთ უნდობლობაზე“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არსებული სტატისტიკის თანახმად, რომელიც რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებობს, გასულ წელს საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით, ონკოლოგიის მიმართულებით მკურნალობა მხოლოდ 573 პაციენტს დაუფინანსდა. გარდა ამისა, მიხეილ სარჯველაძემ იმ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური მიმართულებით დგამს.

„რიცხვები თავისთავად სცემს ყველა სპეკულაციას პასუხს ამ თემასთან დაკავშირებით. სპეკულაციის სპეციალისტებად ჩამოყალიბებული ჩვენი ოპოზიციონერების ნებისმიერ სკეპტიციზმს „ცივ წყალს ასხამს“ იმიტომ, რომ როდესაც ვამბობთ, 400 მილიონია დაფინანსება და 10 წლის წინანდელთან შედარებით, 20-30-ჯერ გაზრდილია, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეს ჯიბიდან ნაკლების გადახდა უწევს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ყველა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტისთვის ხელმისაწვდომია სტანდარტული, საერთაშორისო აღიარებული მეთოდებით მკურნალობა. ეს დადგენილია „გაიდლაინებით“, პროტოკოლებით, სათანადო პროცედურებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს ინიციატივით, სულ უფრო მეტი ინოვაციური მედიკამენტი შემოდის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. პერმანენტულად ინერგება ალტერნატიული, მაღალტექნოლოგიური მკურნალობის მეთოდები და შესაბამისად იცვლება ექიმების მიდგომები და პაციენტების განწყობაც“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“