იმ მიზეზთა შორის, რაც შეიძლება უცხოეთში მკურნალობაზე უპირატესობის მინიჭებას განაპირობებდეს, არის შემდეგი: - ექიმების მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, სამწუხაროდ, არიან ექიმები და ექთნები, რომელთაც ზოგ შემთხვევაში კვალიფიკაციის და ზოგ შემთხვევაში დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ - დიახ, სამწუხაროდ, კვალიფიკაციის ნაკლებობა საკმაოდ რეალური გამოწვევაა! - აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან იმ საინტერპელაციო კითხვის პასუხად გააკეთა, თუ რატომ ამჯობინებს ონკოპაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ მკურნალობას.
სარჯველაძემ ამავე კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ ამ მიმართულებით აგრესიული მარკეტინგი არსებობს და პაციენტების უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ინდუსტრიაა აწყობილი.
სარჯველაძემ აღნიშნა ისიც, რომ ცალკეულ შემთხვევებში, როცა საქმე საკმაოდ რთულ შემთხვევას ეხევა და მაღალტექნოლოგიური კვლევების საჭიროება დგას, საჭიროა პაციენტის სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობა.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დაავადების მართვისთვის საჭირო სერვისი 38 627 ბენეფიციარს მიეწოდა, რომელთა შორის უცხოეთში წასვლის მსურველი პაციენტები არიან.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ბევრს აქვს სურვილი, რომ მკურნალობა უცხოეთში ჩაიტაროს.
“მე უნდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა ქართველი ექიმების მიმართ, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, აქვთ საკმაოდ მაღალი და კარგი შედეგები, რეპუტაცია და არიან კეთილსინდისიერები. მათი დიდი ნაწილი თავისუფლად შეძლებდა წამყვან ევროპულ და ამერიკულ კლინიკებში დასაქმებას და მაღალი რეპუტაციის მოხვეჭას. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!
ჩვენს ხელს არსებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით ონკოლოგიის მიმართულებით მკურნალობა მხოლოდ 573 პაციენტს დაუფინანსდა. თბილისის მერიის მიერ დაფინანსდა 127 ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება დუბლირებები იყოს, ხოლო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ - 78 ონკოპაციენტი.
ონკოლოგიური სერვისებისთვის დამოუკიდებლად გასული პაციენტების რაოდენობა შეიძლება დასახელებულ რიცხვებს აღემატებოდეს, თუმცა რიცხვები დრამატულად განსხვავებული არ იქნება. 38 627 ონკოლოგიურ პაციენტთან შედარებით საზღვარგარეთ მკურნალობის მაჩვენებელი მაღალ პროცენტს არ შეადგენს, თუმცა პრობლემა საგულისხმოა და ამაზე ჩვენც ღიად ვსაუბრობთ. უბრალოდ ამასთან დაკავშირებით კორექტულად და მონდომებით ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ექიმებმა კუთვნილი მაღალი რეპუტაცია დაიბრუნონ, რასაც ეს ხალხი იმსახურებს.
მიზეზთა შორის, რაც შეიძლება უცხოეთში მკურნალობაზე უპირატესობის მინიჭებას განაპირობებდეს, არის შემდეგი: - ექიმების მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, სამწუხაროდ, უმცირესობაში არიან ექიმები და ექთნები, რომელთაც ზოგ შემთხვევაში კვალიფიკაციის და ზოგ შემთხვევაში დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. დიახ, სამწუხაროდ კვალიფიკაციის ნაკლებობა საკმაოდ რეალური გამოწვევაა საქართველოში და ამასთან დაკავშირებით ჩემთვის პატივსაცემი ექიმები საუბრობენ.
იმავდროულად, გვაქვს პროფესიული დეფიციტის პრობლემა. ეს დაკავშირებულია იგივე განათლების სისტემის რეფორმასთან. განათლების სისტემა, პირველ რიგში, იმ კადრების მომზადებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
თავის ადგილას არის საკმაოდ აგრესიული მარკეტინგიც. დღეს საკმაოდ დიდი ინდუსტრიაა აწყობილი პაციენტების უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნასთან დაკავშირებით, რასაც სამწუხაროდ, გარკვეული დოზით რეკლამაც ახასიათებს, რა თქმა უნდა, თავისი გადაჭარბებული მოლოდინების შექმნითაც და საქართველოში არსებული კონკურენტების ე.წ. გაშავების ტაქტიკითაც. ყველაფერი ეს ბადებს რეპუტაციულ პრობლემებს და ამის კულტივირებაზე მაქვს საუბარი, როგორც სახიფათო და მანკიერ მოვლენაზე.
მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით ქართველი ექიმების მიმართ არაერთგვაროვანი აღქმები არსებობს იმის მიხედვით, თუ როგორია მარკეტინგული გავლენები. კარდეოქირურგიის დონე საქართველოში ეჭვგარეშედ მაღალია და ამაზე ვინმეს მხრიდან დასმული ეჭვი არ შემხვედრია, რასაც სამწუხაროდ ონკოლოგიის ან ორთოპედიის მიმართულებით ვერ ვიტყვი, სადაც ასეთი ინტერესების მაღალია.
ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეებს შორის აღქმა იმისა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა აღემატება იმას, რაც ხელმისაწვდომია საქართველოში. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის რეპუტაცია იყოს მაღალი და ამას ჰქონდეს ობიექტური დასაყრდენი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.