სასამართლომ უნდა ჩაწეროს განაჩენში, რომ ოთარ ფარცხალაძე ინფორმაციას მიქაძეებს აწვდიდა? თუ ამას ფარცხალაძე აკეთებდა, ამის მტკიცებულება არ უნდა იყოს? - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, მიქაძეების ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ის ამ წუთებში რეპლიკის უფლებით სარგებლობს.
„პროკურატურამ ირაკლი უსოიანი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად დაასახელა. მის მიმართ არაფერია გაკეთებული. შეიძლება სასამართლოს წარმოუდგინო სქემა, რომლის სათავეშიც ირაკლი უსოიანია და მის წინააღმდეგ ბრალდებაც არ აქვთ წარდგენილი...
უსოიანის გვარი პოლიციელ რომიკო გოგიაშვილის გარდა, არ უხსენებია არავის, გვაქვს მხოლოდ მისი პატაკი. უსოიანი დღეს ამ საქმის სქემის სათავეში აღმოჩნდა, მაგრამ ის გამოკითხულიც არაა, მცდელობაც არაა. იქნებ, ეამაყება რომ შური იძია, იქნებ აღიარებს? გამოკითხეთ?
სასამართლომ უნდა გამოიცნოს მიქაძეებს ინფორმაციას ფარცხალაძე აწვდიდა თუ არა? ამის მტკიცებულება არაა წარმოდგენილი. სასამართლომ უნდა ჩაწეროს განაჩენში, რომ ფარცხალაძე ინფორმაციას მიქაძეებს აწვდიდა? თუ ამას ფარცხალაძე აკეთებდა, ამის მტკიცებულება არ უნდა იყოს? ამის მტკიცებულება შეიძლება იყოს - „აბა ვინ იზამდა, ფარცხალაძეს გავლენები აქვს რუსეთშიო“?
როდის ესაუბრა უსოიანი ფარცხალაძეს, როდის დაელაპარაკა ის მიქაძეებს, მიქაძეები ჯოხაძეს და ის უძილაურს? ერთ პირდაპირ მტკიცებულებას მაინც ვითხოვ შეხვედრასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კორძაძემ.
ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ - ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.