ლაშა ფარულავა - ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის სიცრუის ოსტატ კობახიძეს, პარადოქსია, მაგრამ ხალხს ღარიბაშვილი ენატრება

ირაკლი კობახიძე მოქალაქეებს ჰპირდებოდა, აპრილში ხალხი პირველ შედეგებს იგრძნობსო, კი, შეეტყო ჯიბეებს, ოღონდ პირიქით, ყველაფერი გაძვირდა - ხალხი ხვდება, რომ ირაკლი კობახიძემ მოატყუა და სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილი ენატრებათ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ხელისუფლება ქვეყანაში ფასების ზრდას გარე ფაქტორებით, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის კრიზისით ხსნის, თუმცა მისი თქმით, რეალური მიზეზი შიდა პრობლემები და კორუფციაა.

„მანიპულაციის ერთ-ერთი ხერხი გამოიყენა ირაკლი კობახიძემ იმისათვის, რომ საკუთარ დაპირებას გაჰქცეოდა. ზუსტად 18 კვირა გავიდა, რაც კობახიძემ მაღალ ფასებთან ბრძოლა დაიწყო. გვითხრა, რომ 86%-იანი ფასნამატი არსებობდა. გვითხრა ისიც, რომ სუს-ი გამოიძიებდა კარტელურ გარიგებებს. ბოლოს რა მივიღეთ კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მდინარაძე დამარცხდა, აპარატიც არ აქვს და კაბინეტი სად აქვს, თვითონ არ იცის.

ირაკლი კობახიძე ჩვენს მოქალაქეებს ჰპირდებოდა, რომ აპრილში ხალხი პირველ შედეგებს იგრძნობსო, კი, შეეტყო ჯიბეებს, ოღონდ პირიქით, ყველაფერი გაძვირდა. ფასები კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის სიცრუის ოსტატ, ირაკლი კობახიძეს“,- განაცხადა ფარულავამ.

ფარულავას განცხადებით, მოსახლეობის ნაწილს უკვე ენატრება ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რაც მან პარადოქსად შეაფასა.

„ახლა ხალხს ეუბნებიან, ახლო-აღმოსავლეთში არის კრიზისო და ამის გამო ფასებს ვერ ვუკლებთო. ხალხი ხვდება,რომ ირაკლი კობახიძემ მოატყუა და სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილი ენატრებათ, პარადოქსია ნამდვილად, 14 წელია ივანიშვილის ბანდა ძარცვას და [ხალხი] რატომღაც შედარებას აკეთებს კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის“,- აცხადებს ფარულავა.

მისივე თქმით, საჭიროა ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანი გზით და საზოგადოების გაერთიანება კორუფციის წინააღმდეგ.

„საჭიროა ეს პოლიტიკური ძალა მშვიდობიანად გავისტუმროთ. ეს ქართველმა ხალხმა უნდა გააკეტოს. ვერც „ნაციონალური მოძრაობა“, ვერც ცალკეული პოლიტიკური ძალები ამას ვერ შეძლებენ. ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. ჩვენი ამოცანაა, ქართველი ხალხი ამ პრობლემის გარშემო გავაერთიანოთ, არ დავყოთ პოლიტიკური იდენტობის მიხევდით, არამედ გავაერთიანოთ იმისისთვის, რომ კორუფცია ამ ქვეყანაში დავასრულოთ, რადგან მაღალი ფასების უკან დგას ივანიშვილის კორუფციული ინტერესები“,- განაცხადა ფარულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში