მაკა ბოჭორიშვილი - მაისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი განხორციელდება

პირველად, ამერიკული მხრიდან გაჟღერდა, რომ საქართველო დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დღის წესრიგში. ჩვენ მას შემდგომ უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც ვიხილეთ. შედგა არაერთი კონსულტაცია, მათ შორის შედგა ზარი პრემიერ-მინისტრთან, ვიზიტები როგორც ვაშინგტონში, ისე თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილმა მიმდინარე პროცესზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის კონსულტაციების საწყისი ეტაპი, რომლის შედეგები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მომავალ განვითარებაზე.

„რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პირველი ეტაპია კონსულტაციების და პირველი შეხვედრები ასეთი ფორმის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტთან და რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუ როგორი იქნება ამ კონსულტაციების შედეგები. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კომუნიკაციები, შეხვედრები, რაც ამ დრომდე იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხარესთან, შეგვიძლია შევაფასოთ პოზიტიურად და შედეგიანად, ვინაიდან სწორედ ამის გამოძახილია და გაგრძელებაა უკვე დაგეგმილი ვიზიტები, რომელსაც ჩვენ მაისში ველოდებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა, ასევე ყურადღება გაამახვილა აპრილში განხორციელებულ ვიზიტებზე.

„აპრილში იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, მეც მქონდა შეხვედრა მასთან, არამხოლოდ მე, ბევრი შეხვედრა განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ამ ვიზიტის შედეგი იყო სწორედ სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ეს ის პროგრესი, რაც გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში. ჩვენც არაერთხელ აღგვინიშნავს და აღნიშნა ასევე სახელმწიფო მდივანმა, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დახვდა საქართველოსთან ურთიერთობაში, არ არის მარტივი და არ იყო მარტივი ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ აქამდე მივსულიყავით, ერთმანეთთან დაგვეწყო საუბარი. მოხარული ვართ, რომ ეს შედგა და შესაძლებელი გახდა, დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო თებერვლიდან დღემდე, რაც გავიარეთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი და შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან.

„მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში. შეხვედრები დაიგეგმება არა მხოლოდ ჩემთან, არამედ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმითვე, აშშ-ის მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გზავნილები მიუთითებს ურთიერთობების გადატვირთვის რეალურ სურვილზე და ამ პროცესის დაწყებაზე.

„ეს უკვე გზავნილია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უმაღლეს დონეზე ჟღერდება, რომ არის სურვილი ურთიერთობების გადატვირთვის. ესეც გზავნილი იყო, რაც ჩემთან საუბარში იყო გაჟღერებული, რომ მემკვიდრეობა იყო მძიმე და სამუშაო იყო იმისათვის, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს სურათი შევცვალოთ. ამ გზავნილის შედეგებს ვხედავთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე განაცხადა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის განახლების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა პროცესის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია ამერიკული მხარის პოლიტიკურ ნებაზე.

„სტრატეგიული თანამშრომლობის თავიდან დაწყების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენ სწორად უნდა წავიყვანოთ ეს პროცესი და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია თავად ამერიკის შეერთებული შტატების მხარეზე დამოკიდებული, თუ როგორი იქნება სურვილი საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის. ამ დრომდე განხორციელებული ზარებით, შეხვედრებით თუ კომუნიკაციით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ეს სურვილი არსებობს და იმედი გვაქვს, რომ უფრო პოზიტიური დინამიკა გვექნება ურთიერთობებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები