„ქართული ოცნებისთვის” ძვირია ადამიანების სიცოცხლე. ძვირია ადამიანებისთვის წვალების და ტკივილების გადავადება, თუმცა არ არის ძვირი კალაძეებისთვის, ღარიბაშვილებისთვის, ბურჭულაძეებისთვის და მათი გუნდის სხვა წევრებისთვის ამ ფულის მოპარვა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიურუმში“ აღნიშნა, „გუგლიდან“ ამოღებული ინფორმაციით, მინისტრად წოდებული ადამიანი შეეცადა, ისევ შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება და გაემართლებინა ის, რომ ბავშვებს წამალზე უარს ეუბნებიან“.
„ვნახეთ, რომ როდესაც მათ გამოელიათ პასუხები და არგუმენტები, შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. მთელი დღის განმავლობაში მათი მხრიდან ვნახეთ შეურაცხყოფის კასკადი. რაც შეეხება მინისტრის მიმართ დასმულ შეკითხვებს, ძალიან ბევრი შეკითხვა იყო. ჯანდაცვის და სოციალური სისტემა ფაქტობრივად, კრიტიკას ვერ უძლებს იმიტომ, რომ ამ მიმართულებით ჩვენს მოსახლეობას ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა აწუხებს. ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებითაც უამრავი გამოწვევაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ თვალს არ უსწორებს. შესაბამისად, შეკითხვები იყო მწვავე და ყველაზე აქტუალური, რომელიც მოსახლეობას ადარდებდა. რა თქმა უნდა, აქ მოწინავე პოზიციას იკავებდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მდგომარეობა. ალბათ, ვერ ვნახავ ადამიანს, რომელიც დღეს სოლიდარობას არ გამოთქვამს ამ ბავშვების მშობლების მიმართ. ეს ადამიანები საკუთარი შვილების გადარჩენას ცდილობენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, იგივე მდგომარეობა იყო აქონდროპლაზიის შემთხვევაში, როდესაც არ იყო პოლიტიკური ნება, რომ ადამიანებს და ჩვენს მოქალაქეებს მიეღოთ კუთვნილი მედიკამენტები და სერვისები. მათი მხრიდან არ არის პოლიტიკური ნება“, - განაცხადა ხვედელიანმა.
რაც შეეხება მიხეილ სარჯველაძის შეფასებას, რომ „შეგნებულად ტყუის ის, ვინც აკეთებს დასკვნას, თითქოს სახელმწიფო ეტლის საჭიროების გადავადებას, წამლების შეძენისთვის არასაკმარის მიზეზად მიიჩნევს“, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მიხეილ სარჯველაძე გუშინდელ მოხსენებაში პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენდა.
„ის იყო ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, რადგან მან თავისი გამოსვლა და სათქმელის დასაბუთება დაიწყო ფარმაცევტული კომპანიების „გაშავებით“, რომლებიც აწარმოებენ იმ კონკრეტულ მედიკამენტებს, რომლებსაც მშობლები ითხოვენ. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადება უმძიმესია, რომელსაც ძალიან მძიმე ეფექტები აქვს ბავშვების სიცოცხლეზე. აქ არის სწორედ ბავშვების ეტლში ჩაჯდომის გადავადებაზე საუბარი, აქ არის საკითხი, როგორ გადავადდეს მათი უმძიმესი, გაუსაძლისი მდგომარეობა. ამ ყველაფერზე „ოცნება“ უარს ამბობს. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ძალიან ძვირი ჯდება ეს მკურნალობა, შესაბამისი მედიკამენტები და მკურნალობა. „ოცნება“ არაფერს აკეთებს დღეს იმის გარდა, რომ კორუფციულად აგროვებს ფულს. ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს, რომ „ოცნების“ მაღალჩინოსნები, სუს-ის უფროსი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სკოლების, ბაღების წარმომადგენლები კორუფციით როგორ იპარავდნენ ჩვენი ხალხის ფულს. სწორედ ეს პროცესი არის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მიმართაც. ისინი ინახავენ მეტ ფულს, შემდეგ უკვე მათ მიერ მოსაპარად. ისინი ამ წამლებიდან შესაბამის თანხას ვერ მოიპარავენ. მთავარი მიზანი არის კორუფციული დაინტერესება იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მთელი დღის წესრიგი ტრიალებს ფულის, ბიტკოინების და კორუფციის ირგვლივ...
ამ ადამიანებს არ აქვთ არგუმენტები, პასუხები იმ შეკითხვებზე, რომელიც ჩვენ დავუსვით. კონკრეტულად, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით ამ ადამიანმა ვერაფერი გვითხრა. ვერცერთი ხელშესახები ნაბიჯის გადადგმა ვერ დაგვიანონსა იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ უარს ამბობენ. მათთვის ძვირია ადამიანების სიცოცხლე. ძვირია ადამიანებისთვის წვალების და ტკივილების გადავადება, თუმცა არ არის ძვირი კალაძეებისთვის, ღარიბაშვილებისთვის, ბურჭულაძეებისთვის და მათი გუნდის სხვა წევრებისთვის ამ ფულის მოპარვა. მათი პასუხები დამაჯერებელი არ იყო. ამიტომ გამოვიდნენ მდგომარეობიდან და შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. დღეს „ოცნება“ სრულიად არ ფლობს ინფორმაციას საკუთარ ქვეყანაში საკუთარი მოსახლეობის გამოწვევებზე...
ბავშვებს სჭირდებათ წამალი და მათ ის უნდა მიიღონ. კანცელარიის არცერთ ოთახში, „ქართული ოცნების“ არცერთი წევრის მიმართ არ აღწევს მშობლების ხმა, რადგან მათ პრობლემის არსი არ ესმით.
ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ისინი ყველანაირად ეცდებიან საკუთარი პროპაგანდისტული მედიებით მოატყუონ მოსახლეობა, აჩვენონ, რომ თურმე მედიკამენტი საშიშია ბავშვებისთვის მაშინ, როცა რეალური შედეგები არის. ამაზე უამრავი კვლევა არის გაკეთებული და არსებობს დასტურიც. გუშინ ვნახეთ, რომ „გუგლიდან“ ამოღებული ინფორმაციით, მინისტრად წოდებული ადამიანი მობრძანდა და ისევ შეეცადა შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება, გაემართლებინა ის ქმედება, რომ ისინი უბრალოდ უარს ეუბნებიან ბავშვებს წამალზე იმისთვის, რომ მეტი ფული შეინახონ ბიუჯეტში. სანამ მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანები დაკავებული არიან იმით, რომ ივანიშვილის მიერ გაგდებული მამუკა მდინარაძისთვის ოთახი იპოვონ, სადაც ის საკუთარ კოორდინატორის ფუნქციას შეასრულებს და სანამ ამ ორომტრიალში არიან, მათ სრულებით არ ესმით გარედან ამ ტრაგედიის ხმა და დედების შეძახილი, რადგან არ აინტერესებთ“, - განაცხადა ხვედელიანმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მათ შორის სურსათის ფასებს, როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პირობებში ფასები ვერ გაიაფდება ვერც მედიკამენტებზე და ვერც სხვა პროდუქტებზე.
ტატა ხვედელიანის თქმით, ტრაგედიაა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც საუბრობს იმაზე, თითქოს ხორცი 10 ლარი ღირს.
„ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი გამოდის და ხუმრობით, 10 ლარად გვეპატიჟება სადღაც ხორცის საყიდლად. ეს არის ტრაგედია, რადგან ის სრულებით არ ხედავს საკუთარი მოსახლეობის პრობლემებს იმიტომ, რომ 10 ლარი კი ა არა, ადამიანებისთვის სააღდგომოდ ელემენტარულად ის კვერცხიც კი პრობლემა იყო. ეს ტრაგედია და ძალიან მძიმე მოცემულობაა, რომელიც „ოცნების“ პირობებში დადგა. ამ კომისიაში ვხედავთ, რამდენად არაკომპეტენტურად, არაპროფესიონალურად მიმდინარეობს პროცესები, ფაქტობრივად, ცდილობენ, მთელი ტვირთი აკიდონ ბიზნესის წარმომადგენლებს. ახლა კი არ უნდა ვიკვლევდეთ ამ ყველაფერს, უნდა ვიცოდეთ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 14 წელია მართავს ჩვენს ქვეყანას და წელს, ახალ წლამდე 6 დღით ადრე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს,რომ თურმე პროდუქტების ფასი არის გაზრდილი. ამ ადამიანებს არა აქვთ იმის კომპეტენცია და რესურსი, რომ ეს ქვეყანა მართონ“,-განაცხადა ხვედელიანმა.
რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკოსის შეფასებას, რომ „პარადოქსია, მაგრამ ხალხს ღარიბაშვილი ენატრება“, დეპუტატის თქმით, „ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გაგვიხდება სანატრებელი, იმიტომ, რომ ის ზუსტად ისეთივე იყო, როგორც არის კალაძე, კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნები“.
„ჩემთვის ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე ერთი განზომილებაა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ხელს აფარებდნენ იმას, რომ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ბურჭულაძე ჩვენს ქვეყანას ძარცვავდნენ. ახლა სხვები აფარებენ ხელს კალაძე- კობახიძის „კლანს“ იმიტომ, რომ ისინი ძარცვავენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. აქ მთავარი არის მოცემულობა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ფასები ვერ გაიაფდება, რადგან „ოცნება არის კორუმპირებული ძალა. მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ფასები არის ასეთი კოლოსალური, ეს არის კორუფცია. ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გაგვიხდება სანატრებელი იმიტომ, რომ ღარიბაშვილი ზუსტად ისეთივე იყო, როგორც არის კალაძე, კობახიძე, როგორიც იყო ბურჭულაძე, ლილუაშვილი. მთავარი ამ დროს არის ის, რას აკეთებდა ამ დროს „ოცნება“ ? ის დუმდა, ხელს აფარებდა ამ ადამიანებს იმიტომ, რომ ყველა ამ მოპარული ფულის წილში იყო“, - განაცხადა ხვედელიანმა.