დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ [საქართველო-აშშ-ს შორის] ურთიერთობები აღდგენილია - მთავარია, რომ ყინული დაძრულია და ვცდილობთ, ეს პოზიტივი შევინარჩუნოთ და მომავალშიც გავაგრძელოთ [ურთიერთობა], - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ მაისში დაანონსებული შეხვედრები ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
„ამჯერად, მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ და წინასწარ აღარ ვიტყვი, რა და როგორ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს [საქართველო-აშშ-ს შორის] ურთიერთობები აღდგენილია. უბრალოდ, ჩვენთვის სასურველი წერტილია, როცა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დიახაც, ეს არის ის დონე, რომელიც ჩვენ გვაკმაყოფილებს და რაც არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. იმედი გვაქვს, რომ მაისის განვითარებები, რა მოლოდინიც გვაქვს, ამ პროცესს არსებითად ხელს შეუწყობს. ფაქტი ერთია, რომ როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკისა, განათლების და სხვა მიმართულებით არსებითი ნაბიჯები იყო გადადგმული ბოლო პერიოდში იმისთვის, რომ ეს გაყინული ურთიერთობები, რაც წინა ადმინისტრაციამ დაგვიტოვა, აღგვედგინა და შემდეგ ნაბიჯებზე გველაპარაკა. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ მოსული, რომ შემდეგ ნაბიჯზე ვსაუბრობთ და იმედი გვაქვს, მაისის ვიზიტები თუ შეხვედრები ამ პროცესს ხელს შეუწყობს. აპრილში იყო ვიზიტი, ზარი და ა.შ. პოლიტიკური ნება არსებობს და სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. თარიღების: 12 მაისის, 14 მაისის, თუ 25 მაისის დასახელებას აზრი არ აქვს, მთავარია რომ ყინული დაძრულია და ვცდილობთ, ეს პოზიტივი შევინარჩუნოთ და მომავალშიც გავაგრძელოთ [ურთიერთობა]," - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მაისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი განხორციელდება.