თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციას პოლიტიკურად არანაირი რესურსი და შანსი არ გააჩნია იმისა, რომ წარმატებას მიაღწიონ. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ოპოზიციური ალიანსი“ განულებულია.
„მგონი, ყველა ვხედავთ, რომ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ყველანაირად განულებულები არიან. ცხადია, ამას თავისი ახსნა აქვს. როდესაც პოლიტიკაში ხარ და ემსახურები უცხო ქვეყანას, წარმოადგენ აგენტურას, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური შესაძლებლობები და შანსები არ გაქვს, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს არსებულ სიტუაციას. აფასებს იმას, თუ ვინ, რით არის დაკავებული და ვის, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებით, ვის, რა ინტერესები აქვს.
შესაბამისად, ყველამ კარგად ვიცით, ეს ადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არიან მათ პატრონები, რა მითითებებს აძლევენ. მათ პოლიტიკურად არანაირი რესურსი არ გააჩნიათ და არანაირი შანსი არ აქვთ იმისა, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ“,-განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის აქტივობებით არც ინტერესდება.
„დიდად არ ვინტერესდები მათი აქტივობებით, თუმცა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც შემჩნეული არიან ქვეყნის მტრულ საქმიანობაში, წარმოადგენენ აგენტურად და დაკავებული არიან მოღალატეობრივი ქმედებებით. მათ არანაირი შანსი არ აქვთ. სადაც უნდათ, იქ იარონ, როგორც უნდათ, ისე იარონ, მათ არანაირი რესურსი და შანსი არ აქვთ“,-განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას ალიანსში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბოლო წლებში არაერთი ოპოზიციური გაერთიანება ვნახეთ, რომლებიც მალევე იშლება.
„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ერთ პლატფორმაზე იქნებიან თუ დაიშლებიან. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრჯერ გვინახავს სხვადასხვა გაერთიანება, რომელიც მალევე იშლებოდა. ზოგადად, თუ შევხედავთ ამ ადამიანებს, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, რა წარსული აქვთ, რით ცხოვრობენ დღევანდელ დღეს, ყველამ ყველაფერი ვიცით: საიდან იმართებიან, რა არის მათი მთავარი მოტივაცია და მიზნები - ქვეყნის და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი. მათ აქვთ თავიანთ ამოცანა, ჰყავთ თავიანთი პატრონები, იმ პატრონებს კი საქართველოსთან მიმართებით აქვთ თავიანთი კონკრეტული ინტერესი. აგერ, რამდენიმე ხნის წინ პირდაპირ მოწოდებები იყო ომში ჩართვასთან დაკავშირებით, პირდაპირ რეზოლუციები მიიღეს სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ეს რას მოუტანდა საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ქვეყანას რომ ჰყოლოდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც გარედან მართული იქნებოდა, ყველაფერს გააკეთებინებდნენ და ეს იქნებოდა დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის. ამ ადამიანებს, პოლიტიკური გაერთიანებები იქნება თუ პოლიტიკოსი, არანაირი რესურსი და შანსი არ აქვთ, თავიანთ ერთობას ვერ აკონტროლებენ. გუშინ შეიკრიბნენ, გაერთიანდნენ, ერთმანეთს ვერ ენდობიან, გარედან უთხრეს, რომ თქვენ ასე უნდა გააკეთოთ და ხედავთ, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც შეაფასა, რომ ოპოზიციამ იდენტობა უნდა შეინარჩუნოს.
„იდენტობას რაც შეეხება, ერთადერთი, რითაც გამოირჩევიან, ეს არის ის, რომ ისინი არიან აგენტები და მოღალატეები. შესაბამისად, სადაც უნდათ და როგორც უნდათ, იქ გაერთიანდნენ“,- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებაში სალომე ზურაბიშვილის როლს, კახა კალაძემ განაცხადა: „საერთოდ არ მაინტერესებს და არც ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი“.