საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქალებისა და კაცების საპენსიო ასაკთან დაკავშირებული სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1609 კონსტიტუციური სარჩელი („ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის − 65 წლის მიღწევა, ხოლო პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. მოსარჩელის პოზიციით, პენსიაზე უფლების წარმოშობის კონტექსტში ქალები და კაცები არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის მეშვეობითაც ფორმირდება საპენსიო ფონდი, როგორც დასაქმებული ქალი, ისე კაცი, თანაბარი მოცულობით მონაწილეობს. ამასთანავე, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალთა რაოდენობა აღემატება მამაკაცთა რაოდენობას როგორც დაბადების მაჩვენებლით, ისე სიცოცხლის ხანგრძლივობით. შესაბამისად, მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკის 5 წლით უფრო გვიან განსაზღვრა წარმოადგენს სქესის ნიშნით დიფერენცირებას, რომელსაც არ გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება, რაც ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას.

„მოპასუხე მხარის განმარტებით, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას სახელმწიფოს ფართო დისკრეცია გააჩნია. მოპასუხის მითითებით, ქალებს ხშირად უწევთ არაანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება შინამეურნეობაში, ხოლო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო მათ კარიერაში ჩნდება წყვეტები, რაც ამცირებს საპენსიო დანაზოგს. ამასთანავე, ადრეული საპენსიო ასაკი განპირობებულია ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სახელფასო სხვაობით და იმ სტერეოტიპებით, რომლებიც ქალების მენეჯერულ პოზიციებზე დაწინაურებას აფერხებს. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, სადავო რეგულირება ქალებსა და კაცებს შორის სოციალურ რეალობაში არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის დაბალანსებას ემსახურება.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას შესადარებელ სუბიექტებს, ქალებსა და მამაკაცებს შორის, ხოლო დიფერენცირების ნიშანს სქესი წარმოადგენს. თავის მხრივ, რამდენადაც სქესი არის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით სახელდებით განსაზღვრული ნიშანი, საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის საკითხი მკაცრი ტესტის გამოყენებით შეაფასა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური როლების შესაბამისად, ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახში ასრულებს არაანაზღაურებად ზრუნვით და საოჯახო შრომას. ბავშვების აღზრდა, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოვლა, აგრეთვე საოჯახო საქმეების ორგანიზება და შესრულება, საზოგადოების სხვადასხვა ფენის მიერ, ტრადიციულად ქალის მოვალეობად აღიქმება. ამგვარი გენდერული განაწილება ქალთა შრომას საზოგადოებრივად აუცილებელ, თუმცა ეკონომიკურად უხილავ საქმიანობად აქცევს, რაც მათ შრომით ბაზარზე სრულფასოვან ინტეგრაციას ზღუდავს. შედეგად, ქალებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ სრულ განაკვეთზე, დაიკავონ სტაბილური და მაღალანაზღაურებადი პოზიციები ან ჰქონდეთ უწყვეტი პროფესიული კარიერა, რაც ხანდაზმულობისათვის რეგულარულ და საკმარის დანაზოგს უზრუნველყოფდა. ამასთანავე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, ისევე, როგორც ბავშვის მოვლა, ხშირად იწვევს კარიერულ წყვეტას, დასაქმების ფორმის ცვლილებას ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობას. აღნიშნული გარემოებები პირდაპირ აისახება ქალთა შემოსავლის მოცულობაზე, პროფესიულ წინსვლასა და შრომითი სტაჟის უწყვეტობაზე. შემცირებული და არასტაბილური შემოსავალი, აგრეთვე შრომითი აქტივობის პერიოდული შეწყვეტა, საბოლოოდ, განაპირობებს შედარებით მცირე დანაზოგს და ზრდის ხანდაზმულობისას ეკონომიკური დაუცველობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შეზღუდვის რისკს.

დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ უმრავლეს სფეროში ქალსა და მამაკაცს წარმატებული და შედეგიანი საქმიანობის ერთნაირი უნარები აქვთ. აღნიშნულის მიუხედავად, გლობალური მონაცემები ადასტურებს, რომ ქალთა საშუალო ანაზღაურება სისტემურად ჩამორჩება კაცთა საშუალო ანაზღაურებას. აღნიშნული სხვაობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შრომით გარემოში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც მამაკაცს ლიდერულ, გადაწყვეტილების მიმღებ და მაღალანაზღაურებად პოზიციებთან აკავშირებს. ამასთანავე, ქალთა დასაქმების მაღალი კონცენტრაცია შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში, კიდევ უფრო აძლიერებს სახელფასო უთანასწორობას. შედეგად, ქალისა და მამაკაცის შემოსავალს შორის სხვაობა არა მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანის, არამედ სტრუქტურული და კულტურული ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგია.

შესაბამისად, ხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურებოდა, რის გამოც, №1609 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის