გიორგი გახარია - როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით? - ეს, ფაქტობრივად, ჟენევის ფორმატის დაშლას ნიშნავს და მძიმე დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება ჟენევის ფორმატის ახალ „ნეიტრალურ" ადგილზე გადატანის თაობაზე მიმდინარე „კონფიდენციალური" მოლაპარაკებების შესახებ უკიდურესად საგანგაშოა. ეს, ფაქტობრივად, ფორმატის დაშლას ნიშნავს და მძიმე დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,- ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

გახარიას თქმით, მისი პარტია ითხოვს საქართველოს საგარეო უწყებისგან განმარტოს, არის თუ არა „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების მონაწილე.

„ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას: არის თუ არა „ქართული ოცნების" მთავრობა ამ საიდუმლო მოლაპარაკებების მონაწილე? როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?

თვეებია "ქართული ოცნება" მალავს კრიტიკულ ინფორმაციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების შესახებ, მაშინ, როდესაც რუსი მაღალჩინოსნები და მათი მარიონეტები კმაყოფილებას გამოთქვამენ მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე და იმედებს ჩორჩანასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" პოზიციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

ეს სახიფათო ტენდენცია დაიწყო ივანიშვილის ბოდიშით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიმართ, რასაც მოჰყვა გამოძიება ჩორჩანასთან დაკავშირებით, სადაც 2019 წელს განვათავსეთ პოლიციის საგუშაგო, უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად და საქართველოს მოქალაქეების დასაცავად. ეს „გამოძიება" სრულებით იმეორებს საოკუპაციო რეჟიმის ბრალდებებს, რაც ადასტურებს „ოცნების" თანამშრომლობას საოკუპაციო ძალასთან.

ჟენევის ფორმატი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დეოკუპაციის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, რომელიც პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისი ჩანაცვლება რუსეთის მიერ განსაზღვრული „ნეიტრალური" ფორმატით საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, სად დგას „ოცნება" ამ საკითხში: იცავს თუ არა მთავრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუ კვლავ საოკუპაციო ძალასთან თანამშრომლობს?“, - წერს გახარია.

ცნობისთვის, 29 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ადგილას გადატანის საკითხი რუსულმა მხარემ რამდენიმე წლის წინ წამოჭრა და მას "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი". მისი თქმით, ამჟამად, ამ ამოცანის განსახორციელებლად "გულმოდგინე მუშაობა მიმდინარეობს".

"მხედველობაში მაქვს მოლაპარაკების სივრცის ძიება. მოლაპარაკების პროცესის კონფიდენციალური ხასიათის გათვალისწინებით, ნაადრევი იქნებოდა ამ ეტაპზე, განსაკუთრებით საჯაროდ, კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების მომავალი შეხვედრების შესაძლო ადგილმდებარეობის განხილვა, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს", - დასძინა ზახაროვამ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის