სალომე სამადაშვილი - ბრიუსელში ბოჭორიშვილს და ელჩს არავინ ხვდება, თუ ვინმეს დერეფანში არ დაიჭერენ და ხელს არ ჩამოართმევენ, მათგან განსხვავებით ჩვენ გვესაუბრებიან - იმისთვის, რომ დაიწყოს რაიმე ტიპის დიალოგი, აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები

სამწუხაროდ, ქალბატონი ბოჭორიშვილი დაკავებულია ტყუილების ტირაჟირებით, ის „ქართული ოცნების“ და რუსეთის პროპაგანდისტად არის ჩამოყალიბებული, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მიმართ არსებული მიდგომების უსამართლობას აცნობიერებს“.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილი არ არის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადგან „საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს კი არ ლობირებს, არამედ ტელევიზიით ცდილობს ქართველი ხალხის მოტყუებას, ეს არის მისი ერთადერთი დანიშნულება“.

სამადაშვილის თქმით, მაკა ბოჭორიშვილს და საქართველოს ელჩს ბრიუსელში არავინ ელაპარაკება და „თუ ვინმეს არ დაიჭერენ და ხელს არ ჩამოართმევენ, შეხვედრა გაურკვეველია“.

„მე გასული კვირა გავატარე ბრიუსელში, შეხვედრა მქონდა ყველასთან, ვინც კი მუშაობს საქართველოს საკითხებზე. განსხვავებით ბოჭორიშვილისა და მისი წარმომადგენლისგან, რომელსაც ელჩი ჰქვია ბრიუსელში, არავინ არ ხვდება არც ერთს და არც მეორეს, დერეფანში თუ ვინმეს არ დაიჭერენ და ხელს არ ჩამოართმევენ, შეხვედრა გაურკვეველია. ბრიუსელში ჩვენს ელჩს საერთოდ არავინ ელაპარაკება. მათგან განსხვავებით ჩვენ გვხდებიან და გვესაუბრებიან და ძალიან კარგად ვართ ინფორმირებული ყველა პოზიციაზე, რაც ევროკავშირში არსებობს. აბსოლუტური კონსენსუსია ევროკავშირში ყველა ქვეყანას შორის, იმისათვის, რომ საქართველოსთან დაიწყოს რაიმე ტიპის პოლიტიკური დიალოგი, აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც უკავშირდება რეპრესიული კანონების გაუქმებას, რაც მიიღო ივანიშვილის რეჟიმმა, ასევე, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ქვეყანაში და ანტიევროპული რიტორიკის და პროპაგანდის შეწყვეტას მმართველი გუნდისგან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციასთან დღევანდელ ურთიერთობებს და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მაისში, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი ჩამოდის, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თუ გვინდა მისი ვიზიტი შევაფასოთ, უნდა შევხედოთ თუ „რა თემებზე მუშაობს, ეს არის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის გამოწვევები“.

„ძალიან მარტივია, პირველ რიგში შეგიძლიათ შეხედოთ ამ ადამიანის პროფილს, რით არის ეს ადამიანი დაკავებული, რა თემებზე მუშაობს, ეს არის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის გამოწვევები. ისევე როგორც ევროკავშირმა შესთავაზა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ გაიმართოს ევროკავშირთან დიალოგი, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით, ასევე დღეს, მათ შორის აშშ, გადაწყვეტილებას იღებს, რომ ადამიანის უფლებების დარგზე მომუშავე[გამოგზავნოს]. შეიძლება ეს არ არის ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლობა, მაგრამ მიმართულება არის გასაგები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილმა გადაცემაში სამთავრობო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სუს-ის ხელმძღვანელის კიდევ ერთხელ შეცვლა აჩვენებს მართვის კრიზისს ამ რეჟიმის პირობებში. ჩემთვის ეს სისტემური კრიზისის ნიშანია“.

„სერიოზულად კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. გაუგებარია, ადამიანი, რომელსაც არ აქვს სამინისტრო, არ ჰყავს აპარატი და არანაირი რესურსი არ აქვს, საერთოდ რა უნდა გააკეთოს, ვინც არ უნდა იყოს ის, განსაკუთრებით მდინარაძის გაქანების მქონე ადამიანმა. მგონია, რომ სუს-ის ხელმძღვანელის ხშირი შეცვლა, მას შემდეგ, რაც ჯერ მოხსნეს და შემდეგ დაიჭირეს ბიძინა ივანიშვილის სანდო კადრი, რომელიც აღმოჩნდა, რომ თურმე კორუმპირებული იყო და ხალხს ძარცვავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მრავალი წელიწადი წარმატებით ართმევდა თავს იმ დავალებას, რომელიც ივანიშვილს მასზე ჰქონდა გაცემული. როგორც ჩანს, ისინი ვერ პოულობენ კადრს, რომელიც ჩაანაცვლებს მას და ისე მართავს ამ სისტემას, როგორც უნდა ივანიშვილს. უხერხულია და სასაცილოდ ჩანს ძალიან, როდესაც „ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ წარმატებას მიაღწია მდინარაძემ პოსტზე და ექვს თვეში მისი მოხსნა გახდა საჭირო. აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი პოსტია, რომელიც მას მისცეს. როგორც მახსოვს, თავის დროზე ლილუაშვილსაც რაღაც მსგავსს სთავაზობდნენ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის