არსებობს არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა, რომელიც არის ევროკავშირის დირექტივა - დირექტივის ფარგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში, პარლამენტმა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის - ამის შესახებ ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ი,ს რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ერთ დღეში ვერ გასწორდება და „ერთ დღეში მისი გასწორება საშიშიცაა”.
„არსებობს ასეთი არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა, რომელიც არის ევროკავშირის დირექტივა და ამ დირექტივის ფარგლებში არაერთი მსგავსი ცვლილება დაინერგა სტრუქტურულად, რომ ურთიერთობების ასიმეტრია, რაც არსებობს ბაზარზე მოთამაშეებს შორის, გასწორებულიყო და სავაჭრო ურთიერთობები გამხდარიყო სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ამ დირექტივის ფარგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში, პარლამენტმა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის. ეს არის საშუალო ვადიანი პერიოდი. სექტორი არის ძალიან დიდი, ის შეადგენს ჩვენი ეკონომიკის 21%-ს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა ქმნის სისტემურ რისკებს. სისტემური რისკები კი გავლენას მოახდენს შემდეგ ეკონომიკაზე. აქ მიდგომა უნდა იყოს ძალიან წერტილოვანი და დეტალებში გაწერილი. სწორედ არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის ნაწილში უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე ამ დოკუმენტის დამუშავება. დოკუმენტის დამუშავებას ალბათ რაღაც პერიოდი დასჭირდება, ჩვენი რეკომენდაცია ესაა. თუმცა იმპლემენტაციის პერიოდიც იქნება, ეს რომ სისტემურად გასწორდეს. ის რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ერთ დღეში ვერ გასწორდება, ერთ დღეში მისი გასწორება საშიშიცაა. იმიტომ, რომ სექტორმა შესაძლებელია შოკირებული დარტყმა მიიღოს და ამის შედეგად მივიღოთ არა ფასების შემცირება, არამედ ბაზარზე შოკური ფასები, რაც სისტემურ რისკებთან არის დაკავშირებული და აგრესიული ჩარევა ჩვენი მხრიდან რეკომენდებული არაა. ჩემი აზრით, შესაძლებელია ეს 6-9 თვემდე დასრულდეს და სისტემა გაჯანსაღდეს“,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.