ფასების შემსწავლელი კომისია - პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაშია - ძირითადი პრობლემაა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ პრობლემაა არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში

პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაშია - ძირითადი პრობლემაა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში - ასეთია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებით კომისიის დასკვნა, რომლის თაობაზეც კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ისაუბრა.

როგორც ბერეკაშვილმა განმარტა, ფასწარმოქმნის ჯაჭვში დამატებითი ხარჯი გროვდება, რომელიც საბოლოო ჯამში, პროდუქციის თვითღირებულებას აწვება.

ბერეკაშვილის თქმით, აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი იმისა, რომ სტრუქტურის სწორად გადაწყობა და საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესება მოხდეს, რაც ბერეკაშვილის თქმითვე, ფასწარმოქმნის ჯაჭვს უფრო ეფექტურს გახდის და მომხმარებელი მნიშვნელოვნად უკეთესს ფასს მიიღებს.

“ეს არის ბაზრის ძირითადი პრობლემა, რაც განპირობებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით.

პირველი, ეს არის ის, რომ არ არის სათანადო გამჭვირვალობა და კომერციული ურთიერთობები გაუგებარია. არის სხვადასხვა ტიპის კომერციული და მარკეტინგული გადასახადები, რომელიც არის გაუმჭვირვალე. ზოგ შემთხვევაში რიგი გადასახედები არის ისეთი, რომელიც კომერციულ ურთიერთობებს არ ექვემდებარება.

მეორე პრობლემა გადახდების მნიშვნელოვანი დაგვიანებაა. აქ თავს იჩენს პრობლემა, რომ ჯაჭვში დამატებით ხარჯებს და დამატებით ზეწოლას ქმნის. სუბიექტი, რაც უფრო ქვემოთ არის, ეს ზეწოლა უფრო ძლიერდება. ეს მნიშვნელოვან ზეწოლას ქმნის ქვედა რიგის მონაწილე კომპანიებისთვის. ამ სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გადახდების სტანდარტიზაცია, რათა ჯაჭვში თითოეულმა მონაწილემ ზუსტად იცოდეს როგორ არის გადახდების პროცესი. ამის დარეგულირება და ჩარჩოში მოქცევა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

გამჭვირვალეობის ნაწილში მნიშვნელოვანი გამოწვევაა ნაშთების მართვა. ამ ნაწილში გამოიკვეთა ის, რომ ნაშთების ბრუნვის შესაძლებლობა არ არის სწორი და მცირე და საშუალო მწარმოებლებს თავიანთი ნაშთების ბრუნვაზე წვდომა არა აქვთ, რაც მათ საშუალებას არ აძლევს, რომ ბრუნვის პროცესი სწორად დაგეგმონ. ამიტომ აუცილებელია სექტორის გაციფრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ საოპერაციო მოდელი იქნება გამჭვირვალე, გასაგები და თითოეულ რგოლს ექნება წვდომა თავიანთი პროდუქტების მოძრაობაზე. ეს არის უაღრესად დიდი პრობლემა, რომელიც დამატებით ხარჯს ქმნის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის