ირაკლი მელაშვილი - თუ 2012 წელს „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა „ტრიუკი“ იყო, როგორც ივანიშვილი ამბობდა, ახლა ბევრად „ტრიუკია“, რაც შეეხება პოლონეთში ქართულენოვან მედიას, სადმე ქართული ენის შესვლას  მტრულად აღიქვამდე, ჭკუა ხომ უნდა?

საბჭოთა კავშირის დროს ქართველების გათვლა ყოველთვის იმაზე იყო, რომ მოსკოვში ჩავიდოდნენ, კონიაკს ჩაიტანდნენ, ვიღაცას მოისყიდდნენ და კეთილგანწყობას მოიპოვებდნენ... „ტრამპ თაუერი“ თუ იქნება საქართველოში, ამერიკის პოლიტიკა შეიცვლება საქართველოს მიმართ? ეს პოლიტიკის ძალიან პრიმიტიული გაგებაა და არ ესმით როგორ კეთდება ამერიკაში პოლიტიკა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, თბილისში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ტრამპ თაუერით“ რომ ამერიკის პოლიტიკაზე გინდა ზემოქმედების მოხდენა, სასაცილოა.

„აშშ-ის პრეზიდენტს რაც არ უნდა დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, იქ არის ძალიან ძლიერი ინსტიტუციები, რომლებიც პოლიტიკის შექმნაზე მუშაობენ. ამიტომ ის, რომ „ტრამპ თაუერის“ აშენება რაიმე გავლენას მოახდენს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, სასაცილო იყო მაშინაც [წინა ხელისუფლების დროს] და ახლაც. თუ მაშინ იყო „ტრიუკი“ [როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობდა], ახლა ბევრად „ტრიუკია“ - მაშინ ტრამპი კერძო პირი იყო, ამაში ცუდი არაფერი იყო. მაშინ სავიზიტო ბარათში „ტრამპ თაუერი“ კარგად ეწერებოდა, მაგრამ შენ რომ „ტრამპ თაუერით“ ამერიკის პოლიტიკაზე გინდა ზემოქმედების მოხდენა, ეს სასაცილოა, სატირალი თუ არა. თუ მართლა ვინმეს იმედი აქვს, რომ ამით ამერიკის პოლიტიკაზე გავლენას მოახდენს, არ ვიცი“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ამასთან, მან ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კრიტიკული განცხადებების კონტექსტში და აღნიშნა, რომ აბსურდის თეატრია ყველაფერი ის, რასაც „ქვეყნის პირველი პირებიდან ვისმენთ.“

„ჩვენ გვქონდა ჩვენი გზა, ქართული გზით მივდიოდით ევროკავშირში. არავის უთქვამს, რომ უკრაინის და მოლდოვის გზით უნდა წავიდეთო. თვითონ უკრაინელები და მოლდოველებს მოჰყავდათ ჩვენი მაგალითი. რას ებრძვიან, რას იგონებენ, რა დასაპირისპირებელ თემებს ნახულობენ? ვინ ეხვეწებათ, რომ უკრაინის და მოლდოვის გზაზეა საუბარი? როდესაც შენ შესაძლებლობა არ გაქვს ახსნა ის სისულელეები, რასაც აკეთებ, შემდეგ ასეთ თემებს იგონებ. აბსურდის თეატრია ეს ყველაფერი, რასაც ქვეყნის პირველი პირებიდან ვისმენთ. არარსებულ დილემებში არიან გახვეული. კი ბატონო, ქართული და სუპერქართული დავარქვათ - გვჭირდება ევროინტეგრაციის პროცესი? თუ გვჭირდება, რატომ გააჩერეს. ახლა რომ ამბობენ, ჩვენ არ გაგვიჩერებიაო - მე გამოვედი თუ ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ შევაჩერეთო? ან თქვან , ან ენა გამოყონ, ან დაწერონ - „არ გვჭირდება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი“ და გასაგები იქნება. „გვჭირდება, მაგრამ ვაჩერებთ“ - ეს აბსოლუტურად გაუგებარია“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

გარდა ამისა, მელაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ბრიუსელის პასუხი, მათ შორის უნგრეთის ხელისუფლების ცვლილების ფაქტორის გათვალისწინებით და აღნიშნა, რომ უნგრეთის ცვლილებები „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ართულებს.

„ევროკავშირმა, ფაქტობრივად, გაყინა საქართველოსთან ურთიერთობა იმ განცხადების შემდეგ, რომელიც კობახიძემ გააკეთა, რაც ევროკავშირიდან ბუნებრივი ნაბიჯი იყო. თუ ქვეყანა ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს, მან რა უნდა ქნას, საბელს გამოგვაბამს და როცა უნდა შეგვათრევს თუ როგორ წარმოგვიდგენია? აქედან გამომდინარე, დღევანდელი ვითარება და გაციებული ურთიერთობები აბსოლუტურად ლოგიკურია.

უნგრეთის ცვლილებები „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ართულებს. ისინი ახლა ბულგარეთთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ, მაგრამ ბულგარეთი კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე უნგრეთი, რადგან ეკონომიკურად ევროკავშირზეა დამოკიდებული და არა მგონია, ბიძინა ივანიშვილისთვის თავი გაიგიჟონ. „ოცნების“ მთავარი პრობლემა შიგნით რჩება. არ არიან ჩამოყალიბებული - აქამდე იყო რომ ევროკავშირი არ გვინდა, ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მთელ მსოფლიოს კობახიძის განცხადება არასწორად გაუგია. სრულ აბსურდში არიან გახვეული“, - განაცხადა მელაშვილმა.

კითხვაზე, რომელიც საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს შეეხებოდა, მელაშვილმა უპასუხა, რომ „გერმანიის მიმართ პრეტენზიის უფლება ქართველ ხალხს აქვს იმისთვის, რომ ახლა ქვეყნის სათავეში ვინც არის, განათლება ყველამ გერმანიაში მიიღო, გერმანიამ დაახარჯა თანხები.“

„ამისთვის ქართველ ხალხს ნამდვილად აქვს უფლება, რომ გერმანიას პასუხი მოსთხოვოს. გერმანიის მიმართ მიმართულ ლექსიკის უკან ლოგიკა არ დგას, გარდა იმ პატარა ბიჭების გაბრაზებისა, რომ ჩვენ ძალაუფლება გვიჭირავს ხელში. ამ გაბრაზების და ამპარტავნობის უკან არაფერი დგას. ეს ამპარტავნობა ქვეყანას შეიძლება ძვირად დაუჯდეს. გერმანიას ხელის წამოკვრით არც აშშ და არც არავინ არ ელაპარაკება“, - განაცხადა მელაშვილმა.

გარდა ამისა, ირაკლი მელაშვილი გამოეხმაურა პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის შექმნის საკითხზე „ქართული ოცნების“ კრიტიკას და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები მტრულად აღიქვამენ იმას, რომ სადმე ქართული ენა შევიდა.

„რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 100 000-მდე ადამიანია პოლონეთში ქართველი. კი ბატონო, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგას შემხვედრი ნაბიჯი, დასაჯოს პოლონეთი და გააკეთოს აქ პოლონურენოვანი გადაცემა. ადამიანები მტრულად აღიქვამენ იმას, რომ სადმე ქართული ენა შევიდა. ამას ხომ ჭკუა უნდა? აქ სხვა რამეშია საქმე. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ აქ ისეთი რეჟიმი იყოს: „დაგვანებეთ თავი, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, როგორც გვინდა ისე მოვიქცევით“. ეს ძველ, საბჭოურ აზროვნებას უკავშირდება, რომ თუ ადამიანის უფლებებზე მელაპარაკებიან, ეს ჩემი სუვერენიტეტის შელახვაა. კაი დედ-მამიშვილებო, 1975 წელს მოეწერა ხელი ჰელსინკის დასკვნით დოკუმენტს, რომ ადამიანის უფლებები მხოლოდ სახელმწიფოს შიდა საქმე აღარ არის. როგორ შეიძლება 50 წლის შემდეგ ამაზე ვსაუბრობდეთ?“ - აღნიშნა მელაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის