სუს-ის გამომძიებელი - ლევან ხაბეიშვილი დამხობის წინ „მშვიდობიანს“ იტყოდა თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, ეს დასჯადი ქმედებაა - მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, როგორც მშვიდობიანი ძარცვა არ არსებობს

[ლევან ხაბეიშვილი] დამხობის წინ „მშვიდობიანს“ იტყოდა თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს დასჯადი ქმედებაა. მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, როგორც მშვიდობიანი ძარცვა არ არსებობს, - ამის შესახებ ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის საქმის გამომძიებელმა, სუს-ის თანამშრომელმა შაქრო ხარშილაძე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, 2025 წლის 9 სექტემბერს შესასრულებლად დაეწერა ოპერატიული მუშაკის, გიორგი წვერავას პატაკი, სადაც საუბარი იყო ხაბეიშვილის საჯარო მოწოდებებსა და დაპირებებზე.

ხარშილაძეს ადვოკატებმა ჰკითხეს, გახსნა თუ არა ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი და მასში არსებული ინფორმაცია, რატომ არ არის სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ამ ტელეფონის გამო მურთაზ ზოდელავა პასუხისგებაშია მიცემული.

აღნიშნულზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ ექსპერტიზა დასრულებული არაა.

„მობილური ტელეფონი, რომელიც ამოვიღეთ, დავლუქეთ. დანიშნულია ექსპერტიზა და გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში",- განაცხადა ხარშილაძემ.

მას ჰკითხეს, სიტყვა „მშვიდობიანი“ გამორიცხავს თუ არა ძალადობას და „კონსტიტუციური“ გამორიცხავს თუ არა უკანონოს, რაზეც გამომძიებელმა დადებითი პასუხი გასცა, თუმცა, განაცხადა, რომ დამხობა მშვიდობიანი ვერ იქნება.

„დამხობის წინ „მშვიდობიანს“ იტყოდა თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს დასჯადი ქმედებაა, მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, ეს თავისთავად დამხობას გულისხმობს, როგორც მშვიდობიანი ძარცვა არ არსებობს, მშვიდობიანი დამხობაც არ არსებობს“, - განაცხადა ხარშილაძემ.

მანამდე კი სასამართლოში ჩვენება სუს-ის ოპერატიულმა მუშაკმა, გიორგი წვერავამ მისცა. სწორედ მისი ინფორმაციული პატაკის საფუძველზე დაიწყო ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება.

„საჯარო სივრცეში ლევან ხაბეიშვილის მიერ ძალოვანი სტრუქტურის მიმართ მოწოდება ხდებოდა, ის გდდ-ს თანამშრომლებს 200 000 დოლარს ჰპირდებოდა, რათა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივი ქმედებები არ განეხორციელებინათ. ის ასევე სთავაზობდა, წვრთნასა და ვარჯიშზე უარი ეთქვათ, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გდდ-ს თანამშრომლები გადმოებირებინა და როცა ხელისუფლება შეიცვლებოდა, მათ ამ თანხას მისცემდა“, - განაცხადა წვერავამ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის