ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნის შემდეგ ილაპარაკებენ: „ჩვენ ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოდის, ბიზნესს ხომ არ შევეხებით, ბიზნესი თავისუფალია“. ჩვენ დაგვაბრალებენ დღეში 3-ჯერ რატომ ჭამთო, რატომ მოვიხმართ ელექტროენერგიას, რატომ დავდივართ მანქანით - ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზეც თუ გადასახადს დაგვიწესებენ... აქეთ მიდიან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ჩვენ გვყავს მიუნჰაუზენების ხელისუფლება.
„კომისიის დასკვნის შემდეგ ილაპარაკებენ: „ჩვენ ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოდის, ბიზნესს ხომ არ შევეხებით, ბიზნესი თავისუფალია“. ჩვენ დაგვაბრალებენ, დღეში 3-ჯერ რატომ ვჭამთ, რატომ მოვიხმართ ელექტროენერგიას, რატომ დავდივართ მანქანით, რატომ გინდათ მანქანა იყიდოთ, განბაჟების გადასახადსაც გაგიზრდითო. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზეც გადასახადს დაგვიწესებენ... აქეთ მიდიან. არ იციან მართვა. ხომ ამბობდნენ, რომ ირაკლი კობახიძე იყო კონსტიტუციონალისტი, აღმოჩნდა, რომ არ არის. წარმოდგენა არ აქვს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე.
სიმბოლურია, რომ კომისიის დასკვნის გამოქვეყნება ემთხვევა 1-ელ მაისს, ეს არის მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე. ამ დღეს უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ იყვნენ მოქალაქეები დაცულები, შრომის უფლებები როგორ უნდა იყოს მეტად დაცული.
დადასტურდა, კომისია იმის სათქმელად შეიქმნა, რომ ეთქვათ, მცირე და საშუალო ბიზნესს ხელშეწყობა სჭირდებაო...ამის სათქმელად თუ იყო კომისია საჭირო, ამისთვის პარლამენტი გვყავს.
ჩვენ გვყავს მიუნჰაუზენების ხელისუფლება. პოლიტიკაში ტყუილები ნორმად იქცა. მიუნჰაუზენი კეთილი მატყუარა იყო, ესენი ბოროტი მატყუარები არიან. დეკემბრის თვეში, კობახიძემ შემთხვევით აღმოაჩინა და გვითხრა, რომ ევროპაზე უფრო ძვირი ფასებია საქართველოში, ახლა რაღაცას ვიზამო, ხან რას ესცა, ხან რას დააბრალა....
რეალურად, ამ კომისიის შედეგი იქნება ის, რომ ხელისუფლება შეეცდება გამოიყენოს საკუთარი პროპაგანდისთვის, მოქალაქეებს უთხრას, ცხოვრება იმიტომ ძვირდება, რომ ვერაფერს ვაკეთებთ ამა და ამის გამო. მოიტანენ ციფრებს, მოჰყვებიან მარჟებზე. გამოდის ბიზნესებს უნდა ასწავლონ მართვა?
ავტოკრატია და კორუფციული მმართველობაა. კორუფციული მმართველობის პირობებში შეუძლებელია ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს. არ არსებობს, რომ კორუფციული მმართველობის ქვეყანაში, მოქალაქეებისთვის ცხოვრება უკეთესი გახდეს. ავტოკრატიის პირობებში კი შეუძლებელია ქვეყანაში შემოვიდნენ კეთილსინდისიერი ინვესტორები. ყველა მათი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ამ ხელისუფლებას ინტერესი არ აქვს რაიმე უკეთესობისკენ შეცვალოს. ჯარიმების ქვეყანა ვართ, სულ უფრო იზრდება მოქალაქეებზე წნეხი. ეს არის მოჯადოებული წრე. ნებისმიერი ავტოკრატიული რეჟიმი აქამდე მიდის“, - აღნიშნავს სოფო ხორგუანი.
გარდა აღნიშნული თემისა, სოფიო ხორგუანმა საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ მაისის დასაწყისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე, სონატა კოლტერი ჩამოვა.
„ძალიან კარგია, რომ მათი ინტერესის სფეროში ვრჩებით და ჩვენს მეგობრებად რჩებიან. ჩვენ გვქონდა დრო, როდესაც საქართველოში სახელმწიფო მდივნები ჩამოდიოდნენ. რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჩამოდის. ძალიან საინტერესო საუბარი შედგება. ეს ადასტურებს, რომ პრობლემა ურთიერთობაში არ შეუქმნია “დიფ სთეითს“ და ვიღაცების მოთხოვნებს, რომ თურმე აქ ომი უნდა დაგვეწყო. პრობლემა შექმნა ჩვენი ხელისუფლების მიერ დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებების დარღვევამ. ამან შექმნა პრობლემა ურთიერთობებში. არავის გარედან ომები და კაცთაკვლა არ მოუთხოვია“, - აღნიშნა სოფიო ხორგუანმა.