ვასო ურუშაძე - „ქართული ოცნების“ კაბალური პოლიტიკა ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება საქართველოს მოქალაქეებს - ამასთან, პარკირების ადგილების რაოდენობა არათუ იზრდება, არამედ წლიდან წლამდე მცირდება

„ქართული ოცნების“ კაბალური პოლიტიკა ჯარიმებთან დაკავშირებით ძალიან მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ართულებს მათ ყოველდღიურ ყოფას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიის ჯარიმები, „რომელიც ბოლო წლების განმავლობაში 5-ჯერ გაიზარდა, უსამართლოა“.

„მაშინ, როცა ვლაპარაკობთ მაღალ ფასებზე და გაძვირებულ ცხოვრებაზე, სასურსათო პროდუქციის და კომუნალური გადასახადების სიძვირესთან ერთად აუცილებელია აღვნიშნოთ „ქართული ოცნების“ კაბალური პოლიტიკა ჯარიმებთან დაკავშირებით. რომელიც ასევე ძალიან მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ართულებს მათ ყოველდღიურ ყოფას.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო თბილისის მერიის უსამართლო ჯარიმები პარკირებასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში 5-ჯერ გაიზარდა.

2017 წლამდე, მანამ სანამ ჯერ კიდევ ავად სახსენებელი „სითი პარკი“ ოპერირებდა თბილისში, არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა იყო 10 ლარი. მიუხედავად დაბალი ჯარიმისა თბილისელებს იმ დროისთვის გააჩნდათ ლეგიტიმური პროტესტი, რადგან „სითი პარკი“ არ ქმნიდა დამატებით საპარკინგე ადგილებს დედაქალაქში და ორიენტირებული იყო მხოლოდ მძღოლების დაჯარიმებაზე.

2017 წლიდან, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაუწყვიტა კონტრაქტი კომპანია „სითი პარკს“ და დედაქალაქში პარკირებაზე პასუხისმგებლობა აიღო თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, მყისიერად გაიზარდა ჯარიმის ოდენობა 10 ლარიდან 50 ლარამდე.

მიუხედავად თბილისის მერის კახა კალაძის წინასაარჩევნო უხვი დაპირებებისა, რომ დედაქალაქში შეიქმნებოდა დამატებით საპარკინგე ადგილები და 12 სხვადასხვა ლოკაციაზე აშენდებოდა მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურა, ისეთივე შეუსრულებელ დაპირებად დარჩა, როგორც მტკვარზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ვეფხი და მოყმის მიმდებარედ, მიწისზედა მეტროს პროექტი აეროპორტისა და ლილოს მიმართულებით, მეტროს რეაბილიტაცია და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „სითი პარკის“ ოპერირების დროს თბილისში ოფიციალურად 32 000 საპარკინგე ადგილი იყო, ჩვენს ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით კი დღეს დედაქალაქში 27 000 საპარკინგე ადგილია, ანუ არა თუ გაიზარდა პარკირების ადგილების რაოდენობა, არამედ შემცირდა 5 000 - ით.

„თბილისის პარკინგი“ ყოველ დღე დაახლოებით 1100 მძღოლს აჯარიმებს 50 ლარით, წელიწადში ეს 400 000 ჯარიმაა და 20 მილიონი ლარი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტში, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში იხარჯება არამიზნობრივად და იფლანგება მაღალი კორუფციული ინტერესების გამო. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა პარკირების ადგილების რაოდენობა არათუ იზრდება, არამედ წლიდან წლამდე მცირდება. ქალაქს ემატება ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა ნაგებობები, კომერციული დაწესებულებები, თავისთავად იზრდება მობილობა და ავტომობილების რაოდენობა, რაც კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის