3-თვიანმა ბინძურმა პროპაგანდისტულმა ავანტიურამ შეუძლებელია პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე ჩაიაროს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ სიმახინჯეზე ეკისრება ირაკლი კობახიძეს. ერთხელ მაინც გამოიჩინოს პოლიტიკური ვაჟკაცობა და თქვას, რომ მისმა ამ ავანტიურამ კრახი განიცადა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც ფასების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მივიღეთ პოლიტიკური შიზოფრენიის მორიგი აქტი.
„ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მილიონერთა შემადგენლობამ მუშაობა დაასრულა. რა თქმა უნდა, ნულოვანი შედეგით, როგორც მოსალოდნელი იყო. სამაგიეროდ, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კოლმეურნეობის პარტიული დირექტორების დანიშვნას სხვადასხვა რაიონში, რომლებიც სამამულო წარმოების პროდუქტების ჩამბარებელ პუნქტებს უხელმძღვანელებენ. არცერთი სიტყვა არ მომიგონია, ყველა ეს სიტყვა კომისიის დასკვნით სხდომაში იყო გამოყენებული და ნახსენებია იმ 104-გვერდიან სრულ იდიოტიზმში, რომელსაც ეს კომისია დასკვნას ეძახის.
არავითარი ქმედითი ნაბიჯი, არცერთი კონკრეტული შემოთავაზება, რომელიც იმოქმედებდა ფასების შემცირებაზე, რაც იყო ამ კომისიის შექმნის მთავარი მიზანი, არ დაუდიათ.
კომისიას, რომელსაც ფასების შემცირების პარალელურად ადგილობრივი მცირე მეწარმეების მხარდაჭერა უნდა გაეწია, ისაუბრა სტრუქტურულ ცვლილებებზე, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებზე, ტრანსპორტირების პრობლემაზე, არცერთი კონკრეტული შემოთავაზება, არცერთი ქმედითი ნაბიჯი, რომელზეც სახელმწიფოს რეალური გავლენა შეიძლება ჰქონდეს!
პირიქით, აბსოლუტურად უშინაარსო, არაკომპეტენტური, ელემენტარული ეკონომიკის უცოდინარობის დონეზე დაყვანილი რეკომენდაციები, რომ მიწოდების ჯაჭვში თურმე პრობლემებია, ლოჯისტიკაში სტრუქტურული პრობლემებია, სასამართლო არ გვაქვს, მეწარმეები ვერ ახერხებენ სამართლის პოვნას, თურმე იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა საქართველო.
კომისია და მისი დასკვნა ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არათუ არ გააჩნია პოლიტიკური ნება, არამედ, არც ეკონომიკური ხედვა და ინტელექტუალური უნარი, რაიმე ქმედითი შესთავაზოს მოქალაქეებს.
კომისიის დასრულებისას ჩვენ მივიღეთ 7.5%-ით გაზრდილი ინფლაცია, გაზრდილ ფასები ყველა სასურსათო პროდუქტზე, საწვავის 1 ლარით გაზრდილი ფასი, დენის ტარიფი 30%-ით გაძვირებული. ყველა სერვისსა და პროდუქტზე ფასის გაზრდაა მოსალოდნელი. მივიღეთ გაზრდილი სახელმწიფო სერვისების საფასური. ეს არის ამ კომისიის შედეგი, საღ აზრზე არმყოფი პრემიერი, რომელიც ამბობს, რომ ღორის და საქონლის ხორცის ჰიბრიდს თურმე, ნახევარ კილოს 10 ლარად ყიდულობს - ეს მივიღეთ, პოლიტიკური შიზოფრენიის მორიგი აქტი. აკანკალებული ხმით კომისიის მილიონერი თავმჯდომარე, რომელიც ამ სისულელეებს სწორადაც ვერ გამოთქვამდა. საქართველოს მოქალაქეები ხედავენ 40-ლარიან საქონლის ხორცს, 10-ლარიან 2 ცალ პამიდორს. 3-თვიანმა ბინძურმა პროპაგანდისტულმა ავანტიურამ შეუძლებელია პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე ჩაიაროს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ სიმახინჯეზე ეკისრება ირაკლი კობახიძეს. ერთხელ მაინც გამოიჩინოს პოლიტიკური ვაჟკაცობა და თქვას, რომ მისმა ამ ავანტიურამ კრახი განიცადა“, - აღნიშნა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნით, პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაშია. "ძირითადი პრობლემაა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ პრობლემაა არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. მიწოდების ჯაჭვი არაეფექტური და გრძელია. შესაბამისად, უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები, რომლებიც დააახლოებს მწარმოებელსა და საცალო ქსელებს და იმპორტიორსა და მწარმოებელს", - მიიჩნევს კომისია. ასევე, კომისია რეკომენდაციას გასცემს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ მოხდეს რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს.