ლევან მახაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე - პროდუქტიული სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და იმედია, უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, კონკრეტული ნაბიჯებიც ვაცნობოთ საზოგადოებას - პოზიტიური დინამიკა არსებობს

გვაქვს პოზიტიური მოლოდინები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევძლებთ ადრე თუ გვიან ამ ურთიერთობების იმ წერტილამდე მიყვანას, რაც წარმოგვიდგენია საუკეთესო ვარიანტად, ვგულისხმობ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით კარგი, პროდუქტიული, ნაყოფიერი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

„არის ზოგადი, ორმხრივი ურთიერთგაგება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ამერიკის წინა ადმინისტრაციამ დატოვა. ასევე არის იმის ორმხრივი ურთიერთგაგება, რომ აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს მემკვიდრეობა დავტოვოთ უკან, ჩავაბაროთ ისტორიას და ორმხრივი ინტერესის საფუძველზე თავიდან ავაშენოთ ურთიერთობა. დღეს ან გასული თვეების განმავლობაში ჩვენ სწორედ ამ პოლიტიკური ნების განხორციელებას ვაკვირდებით. სექტორებად თუ შევაფასებთ, იყო უსაფრთხოების, განათლების, ეკონომიკის მიმართულებით ნაბიჯები. პერიოდულად ასევე უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კომუნიკაცია და სწორედ ეს არის სამუშაო პროცესი.

წინასწარ ჩვენ რაიმე ტიპის მოლოდინებზე ასე ხმამაღლა საუბარი არ გვინდა, რადგან გვინდა, რომ მივცეთ შესაძლებლობა სამუშაო პროცესს, რომ ჩვენ ვიმუშაოთ, შევთანხმდეთ რაღაც საკითხებზე. პრინციპში საზოგადოება ასევე ხედავს, რომ თითოეული ამ კომუნიკაციის, ვიზიტის, სატელეფონო ზარის შემდგომ, წინ მიიწევდა ეს ურთიერთობები. ამიტომ ვამბობთ, რომ პოზიტიური დინამიკა არსებობს და ამიტომ გვაქვს ასევე პოზიტიური მოლოდინები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევძლებთ ადრე თუ გვიან (მაგრამ იმედია ადრე, ვიდრე გვიან) ამ ურთიერთობების იმ წერტილამდე მიყვანას, რაც წარმოგვიდგენია საუკეთესო ვარიანტად, ვგულისხმობ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას.

დაველოდოთ ამ პროცესებს - კარგი, პროდუქტიული, ნაყოფიერი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და იმედია, რომ უახლოეს მომავალშიც გვექნება შესაძლებლობა, რომ კონკრეტული ნაბიჯებიც ვაცნობოთ საზოგადოებას“, - განაცხადა მახაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის