პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა „კარგი სამაგისტრო ნამუშევარია“, მაგრამ არა პოლიტიკური დოკუმენტი.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, მოქალაქეები კომისიისგან ფასების შემცირებას ელოდნენ, თუმცა მიღებული შედეგი ამ მოლოდინებს ვერ პასუხობს.
„კარგი სამაგისტრო ნამუშევარია. ბიზნესმა რომ დაუკვეთოს რომელიმე კონსალტინგ კომპანიას ანალიტიკური და კვლევითი დასკვნა, დაახლოებით ასეთი დასკვნაა და არც ისე ცუდია ამ მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი. ხალხი მენეჯმენტ კონსალტინგის რჩევებს კი არ ელოდა. ხალხი ელოდა ფასების გაიაფებას“,- აცხადებს შარაშიძემ.
მისივე თქმით, კომისიის დასკვნა ეწინააღმდეგება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ ფასებთან დაკავშირებით დაპირებებს.
შარაშიძე ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად მიღებული ძირითადი მიგნებები, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის აუცილებლობა, უკვე დიდი ხანია ცნობილია.
„ოცნების“ საპარლამენტო გუნდი, ამ შემთხვევაში ეკონომიკის პოლიტიკის თავმჯდომარის ხელმოწერით, ირაკლი კობახიძეს უგზავნის დასკვნას და ეუბნება: ბატონო, ირაკლი თქვენ ხართ მატყუარა ან ნაკლებად უარეს შემთხვევაში არაკომპეტენტური. ამდენს იმიტომ ვსაუბრობ კობახიძეზე, რომ ირაკლი კობახიძემ დაიწყო ეს კამპანია, ის არის ფასების კამპანიის შემოქმედი. ის, ამბობდა, რომ დასკვნამდეც გვექნება შედეგებიო. ერთდროულად რა თანავარსკვლავედებმა მოიყარა თავი კობახიძის თავზე არ ვიცი, რადგან როგორ შეიძლება შენმა საპარლამენტო გუნდმა დასკვნა გამოგიგზავნოს და შენივე ტყუილებში გამხილოს. რას ერჩიან ამ კაცს გაგვაგებინონ“,- განაცხადა შარაშიძემ.
შარაშიძის შეფასებით, კომისიის მუშაობამ აჩვენა, რომ ფასების შემცირება მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელი არ არის და შესაძლო ცვლილებები მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში განხორციელდეს.
„რომც დავუშვათ, რომ ამ დასკვნის მიხედვით რამე უნდა გაუმჯობესდეს, ისიც უნდა მოხდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. მოქალაქეებს პირდაპირ ეუბნებიან, ფასების შემცირება არ მოხდება. კომისიის სამთვიანი მუშაობა იყო საჭირო იმის დასადგენად, რომ თურმე მცირე და საშუალო ბიზნეს მხარდაჭერა სჭირდება?“- აცხადებს შარაშიძე.
დეპუტატი ასევე არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრს არასწორი რჩევები მიაწოდეს, რამაც საბოლოოდ უკუშედეგი გამოიწვია.
„არ არის გამორიცხული, რომ „გაუჩალიჩეს“ [ირაკლი კობახიძეს]. არის ხალხი, ვინც რჩევებს აძლევს. რჩევა მაშინ არის ეფექტური, როდესაც ადამიანს ისეთ რამეს ურჩევ, როდესაც ეფექტური და სასარგებლოა მისთვის. სინამდვილეში კი უკან შემოუბრუნდა.
რეალურად, „ოცნება“ ცარიელ პროპაგანდაზე დგას. ყველა გათვლა და ინსტრუმენტი არის პროპაგანდაზე. ხშირ შემთხვევაში, ისინი მოკლევადიან შედეგებს აღწევენ“, - აცხადებს შარაშიძე.