სტუ-ის რექტორი - წარმატებებს ვუსურვებ სტუდფესტის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს

„ისეთი მასშტაბური ფესტივალის ორგანიზებით, როგორიცაა „სტუდფესტი-2026”, სახელმწიფო ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისკენ, სპორტში, განათლებასა და კულტურულ აქტივობებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ეს არის სწორი გზავნილი, რომელიც ხელს უწყობს ძლიერი, ჯანმრთელი და მოტივირებული თაობის ფორმირებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებასა და ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტების აქტიური მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებში. წარმატებებს ვუსურვებ სტუდფესტის მონაწილე ყველა ახალგაზრდას, განსაკუთრებით კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ „სტუდფესტი-2026“-ის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ, რექტორის ხელმძღვანელობით, მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის - „სტუდფესტი 2026” - გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

„სტუდფესტი 2026“, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის სპორტული ტურნირების ორგანიზებასა და ჩატარებას. პარალელურად, დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას და სხვადასხვა მიმართულებით უნარების განვითარებას. აღნიშნულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტები უნივერსიტეტს წარმოადგენენ როგორც სპორტულ შეჯიბრებებში, ისე ინტელექტუალურ, შემოქმედებით და საზოგადოებრივ პროექტებში.

რექტორის განცხადებით, მასშტაბური ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას, ახალგაზრდებს აძლევს თვითრეალიზაციის ფართო შესაძლებლობას და აძლიერებს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობასა და ჯანსაღ კონკურენციას. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტები ერთდროულად აერთიანებს განათლებასა და მეცნიერებას, სპორტს, საზოგადოებრივ აქტივობას, სტუდენტურ თვითშემოქმედებასა და კულტურულ აქტივობებს, რაც ქმნის განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ გარემოს საქართველოში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად ერთვება „სტუდფესტი 2026“-ში. ჩვენი სტუდენტები და სტუდენტური ჯგუფები მონაწილეობენ როგორც სპორტულ შეჯიბრებებში, ისე სხვადასხვა შემოქმედებით, ინტელექტუალურ და მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალგაზრდების მრავალმხრივ პოტენციალს. წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტებს. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებისა და მსგავსი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერისთვის. მადლიერებას გამოვხატავ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძის მიმართ, რომლის ხედვა და უშუალო ჩართულობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტური ინიციატივების განვითარებას და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოებას. განსაკუთრებული მადლობა - თბილისის მერიას და მერ კახა კალაძეს, რომლის მხარდაჭერაც დედაქალაქის მასშტაბით ახალგაზრდული, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში ძალიან მნიშვნელოვანია, და რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს - ღონისძიების მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სტუდენტს, ვინც მონაწილეობს ამ ფესტივალში. ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენი ენერგია, შრომა და ენთუზიაზმი სწორედ ის ძალაა, რომელიც საქართველოს მომავალს აძლიერებს“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში 1 მაისიდან მიმდინარე ინდივიდუალურ და გუნდურ სპორტულ ტურნირებში - შვიდკაცა რაგბი (ვაჟები), ძიუდო (ვაჟები), ნარდი, შაში და ჭადრაკი (გოგონები და ვაჟები) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ და ღირსეულად იასპარეზეს.

ცნობისათვის, „სტუდფესტი-2026“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიისა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში