ADB-ის პრეზიდენტი - ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი ყველაზე მეტად დაზარალდა - რეგიონი კვლავ მოწყვლადია სტრატეგიულ დერეფნებში წარმოქმნილი შოკების მიმართ

აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ რეგიონის ქვეყნები კვლავაც მოწყვლადები არიან იმ შოკების მიმართ, რომელიც სტრატეგიულ დერეფნებში წარმოიქმნება, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) პრეზიდენტმა მასატო კანდამ 59-ე წლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ADB-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მიმდინარე კონფლიქტების ფონზე შექმნილი გაურკვევლობა და სტრატეგიულ დერეფნებში არსებული გამოწვევები ქვეყნებს შორის მაღალი ურთიერთდამოკიდებულების შედეგია.

„აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. პირველი დარტყმა მიადგა ენერგეტიკულ სექტორს, გარდა ამისა, ფასები სწრაფად გაიზარდა საწვავზე, ტრანსპორტირებაზე, საკვებსა და სასუქებზე. ეს არის მხოლოდ უსაფრთხოების კრიზისი, ეს არის გლობალური წესრიგის გამძლეობის გამოცდაც.

მიმდინარე პროცესები გვახსენებს, თუ რაოდენ მოწყვლადები არიან ქვეყნები იმ შოკების მიმართ, რომელიც რამდენიმე სტრატეგიულ დერეფანში წარმოიქმნება. ეს ყოველივე ასახავს ზედმეტი დამოკიდებულების ფასს და აჩქარებს მდგრად განვითარებაზე გადასვლის პროცესს.

შექმნილ რთულ პერიოდში ADB-ი პარტნიორების დახმარებას კვლავ აგრძელებს. მოგეხსენებათ, 23 მარტს გამოვაცხადეთ ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი, რათა განვითარებად წევრ სახელმწიფოებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებაში დავეხმაროთ.

ADB-ი კრიზისების მიმართ საპასუხო ზომებს ეტაპობრივად ატარებს - მოკლევადიანი დაფინანსებისთვის ვიყენებთ ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამას. ამასთანავე, უზრუნველვყოფთ სწრაფ საბიუჯეტო მხარდაჭერას, რათა დავიცვათ მოწყვლადი მოსახლეობა. შედეგად, წევრი ქვეყნების ეკონომიკური სტაბილურობისთვის ვნერგავთ სწრაფი რეაგირების და საშუალოვადიანი გამძლეობის ინსტრუმენტებს“, - განაცხადა მასატო კანდამ.

შეგახსენებთ, სამარყანდი 3-6 მაისს „აზიის განვითარების ბანკის“ 59-ე შეხვედრას მასპინძლობს. ადგილზე იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია