რასაც სუპერმარკეტები გვთავაზობენ, სოციალური პროექტი ჰქვია, რომელიც ხელისუფლებამ ბიზნესს აიძულა გაეკეთებინა, მაგრამ რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება ეს? - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ბესიკ დონაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, სურსათის ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტების პოზიციაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ფასების კლებისთვის ხელისუფლების სისტემური მიდგომაა საჭირო, რომელიც კომპანიებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირებას გულისხმობს.
„ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დგას და აუცილებელია, რომ ფასებმა დაიწიოს, მაგრამ დაბალ ფასებს ხელისუფლების სისტემური მიდგომა სჭირდება. ახლა, რასაც სუპერმარკეტები გვთავაზობენ, სოციალური პროექტი ჰქვია, რომელიც ხელისუფლებამ ბიზნესს აიძულა გაეკეთებინა, მაგრამ რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება ეს? ჩვენ გვინდა, რომ ფასების კლება სისტემურად გადაწყდეს და ეს საგადასახადო ტვირთის შემცირებაა.
კობახიძე გამოვიდა და თქვა, პროდუქტებზე მაღალი ფასებია და ფასების შემცირება უნდა მოხდესო, ამის შემდეგ სუპერმარკეტების ხელმძღვანელები და მეპატრონეები მთავრობის ადმინისტრაციაში დაიბარეს კობახიძესთან, ტელეფონები ჩამოართვეს, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ამ დროს კი მათ კომპანიებში სუს-ი იყო შესული. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი იძულებული გახადეს გარკვეულ ნაბიჯებზე წასულიყო და დაქვემდებარებოდა ხელისუფლებას. სუს-მა რა დოკუმენტაცია ამოიღო? - საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც rs.ge-ზე ისედაც ატვირთულია და შემოსავლების სამსახურს ნებისმიერ დროს შეუძლია, რომ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს, მით უმეტეს, როდესაც ეს მთავრობას სჭირდება“,- განაცხადა ბესიკ დონაძემ.
მისივე თქმით, პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათის შექმნით და მათზე ფასების გადახედვით, რასაც ქსელური მარკეტები აპირებენ, „მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც ბიზნესი და მთავრობა გარიგდა, ეს კი ქვეყნისათვის და ეკონომიკისთვის ძალიან საშიშია“.
„სამწუხაროა, რომ ბიზნესი მაღალ გადასახადებზე არ საუბრობს. იმიტომ, რომ ბიზნესი შეშინებულია, რადგან სახელმწიფო ბოროტად იყენებს მის უფლებამოსილებასა და ძალას. ბიზნესი ფიქრობს, რომ ნებისმიერი შეწინააღმდეგებისა და განსხვავებული აზრის დაფიქსირების შემდეგ პრობლემა შეექმნებათ. მაგალითად, „ნიკორას“ მიმართ არსებობს სახელმწიფოს დაინტერესება, რადგან საპენსიო ფონდს „ნიკორას“ აქციები აქვს ნაყიდი, ანუ „ნიკორამ“ კარგად უნდა იმუშაოს. რაც შეეხება „2 ნაბიჯს“, რომელიც კახა ბექაურს ეკუთვნის, ის „ქართულ ოცნებაშია“. მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც ბიზნესი და მთავრობა გარიგდა, ეს კი ქვეყნისათვის და ეკონომიკისთვის ძალიან საშიშია. მთავრობამ მათ შესთავაზა, რომ გარკვეული მოგება დათმონ და რა მოგებასაც დათმობენ, მთავრობა მათ სხვა ბიზნესში და სხვა შეთავაზებით დაუკომპესირებს.
მარკეტების მიერ გავრცელებულ განცხადებებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ რამდენიმე სიტყვაა შეცვლილი. ცალსახაა, რომ პროპაგანდა მუშაობს. ის დასკვნა, რომელიც ფასების კომისიამ დადო, პროპაგანდისტული და შეცდომაში შემყვანი იყო. მოქალაქეები ფიქრობდნენ, რომ ფასების გამოძიება უნდა მომხდარიყო, თავიდანვე მესიჯი იყო, რომ „ჩვენი ბრალი არაფერი არ არის, ვიღაცის ბრალია და ეს უნდა გამოვიძიოთო“. ამას ემსახურებოდა კომისიის შექმნა. მთავრობა არ აღიარებდა თავის ბრალეულობას და დამნაშავეს ეძებდა“, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.
რაც შეეხება ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, მთავარი პრობლემა მიწოდების გრძელი ჯაჭვია და ამის აღმოსაფხვრელად დისტრიბუციის ცენტების შექმნაა საჭირო, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო კომისიის დასკვნა „სრული ბოდვაა“.
„სრული ბოდვაა, რაც კომისიამ ჩაწერა, მიწოდებისა და ტრანსპორტირების ჯაჭვს ბიზნესი, საჭიროებიდან გამომდინარე, ადგენს. ბიზნესისთვის შვება იქნება საწვავზე აქციზის გაუქმება, რომლითაც საწვავის ფასი 40 თეთრით გაიაფდება, რაც კომპანიების ხარჯების შემცირებას გამოიწვევს. ასევე, შესაძლებელია დროებით, სანამ კრიზისი დაიძლევა დღგ-ს გაუქმება. გამოდის, რომ მთავრობას შეუძლია 80-თეთრამდე შეამციროს საწვავის ფასი, მაგრამ ამას არ აკეთებს, რადგან ფული სჭირდება. ასევე, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც აცხადებს, რომ აქციზისა და დღგ-ს გაუქმებით ბიუჯეტს ფული დააკლდება და პენსიების დარიგება გართულდება და ა.შ. - მაგრამ არა. როდესაც ასეთი საგადასახადო შემცირება ხდება, მცირდება ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელშიც შედის რესტორნების, საწვავის, მანქანების, შტატ-გარეშე თანამშრომლების და ა.შ. ხარჯები შედის“, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.